“მარმორისი” – ეს იმ ულამაზესი საქმიანობის სახელწოდებაა, რომელიც პირველია, ვინც ხელოვნების მოყვარულებს მოზაიკებით შექმნილ საოცრებებს სთავაზობს. გიორგი კურტანიძე ნამუშევრებს, უმეტესად, მეტლახის ნატეხებისგან ქმნის. ისინი ქართულ ბაზარზე ჯერ ძალიან ახლებია. ამ ეტაპზე, ხელოვანს სურს, მისი მოზაიკების შესახებ საზოგადოების დიდმა ნაწილმა შეიტყოს. “თბილისი თაიმსს” გიორგი თავად ესაუბრა.
“სანამ ამ საქმიანობას დავიწყებდი, მოვიძიე, კიდევ ვინმე თუ ქმნიდა ასეთ ნამუშევრებს. არ შემხვდა მსგავსი არავინ, ხელნაკეთ მოზაიკებს რომ ყიდდეს ასეთ ფორმატში.
ჩემს გვერდს ასეთი სახელი აქვს – “მარმორისი”, რაც ზღვასთან არის ასოცირებული, პრიალა ზედაპირს ნიშნავს. მე საბერძნეთში ვიცხოვრე ცხრა წლის განმავლობაში. ამ მხრივ პირველი გამოცდილებაც სწორედ აქ მივიღე. უკვე შემდეგ, ძალიან დიდი ხანი თავი მივანებე, ბოლოს კი ისევ მივუბრუნდი. როდესაც ჩემი მეუღლე გავიცანი, საუბარი ჩამოვარდა სწორედ მოზაიკებზე. ვაჩუქე ერთი ცალი მოზაიკა და ამის მერე დავიწყე ნამუშევრების შექმნა”, – ამბობს გიორგი კურტანიძე.
როგორც რესპონდენტი აღნიშნავს, საზოგადოებისთვის მსგავსი ნამუშევრები ჯერ მაინც უცხოა. თუმცა, საბერძნეთში ხშირად არის შესაბამისი გამოფენები, რაც მას საკუთარი ბავშვობიდან ახსოვს. საქართველოში კი ჯერ მსგავსი არ შეხვედრია.
უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი ადრე ტატუებს ხატავდა. გარდა ამისა, ძალიან უყვარს ძერწვა. ის თაბაშირითა და თიხით ძერწავდა ხოლმე, ასევე, პლასტელინით.