“როდესაც მხოლოდ სიტყვიერად გინდა, დეპოლარიზაცია დაასრულო და ყველაფერს აკეთებ მის საწინააღმდეგოდ, მაშინ ის ვერაფრით დასრულდება”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ “თბილისი თაიმსთან” საუბრისას განაცხადა.
პოლიტოლოგმა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური რეალობა შეაფასა და განმარტა, რომ “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” უნდათ, არ გაჩნდეს მესამე ძალა. ამასთან, მისივე თქმით, ორივე პარტია საკუთარ საქმეს აკეთებს.
“რეალურად, რომ დაიწყოს თანამშრომლობა ევროკავშირის მიერ დაწესებულ 12 პუნქტთან დაკავშირებით, თუ მიზანი მართლა ერთია – რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს (და არა ის, რომ ეს სტატუსი გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, ერთმა – რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და მეორემ – ის ხელში ჩაიგდოს), თანამშრომლობის ეს პროცესი იქნება წარმატებული.
მაგრამ რა ხდება რეალურად – ოპოზიცია აყენებს წინაპირობებს. საინტერესო არის ის, რომ ერთი მხარეც და მეორე მხარეც იშველიებს ევროკავშირის წარმომადგენლებს. შესაბამისად, “ქართული ოცნება” ამბობს – “ერთად ვიმუშაოთ”, ოპოზიცია კი ამბობს უარს და არ ასრულებს გეგმას. ეს უკანასკნელი კი ხაზს უსვამს, რომ ოლიგარქიცაზია უნდა დასრულდეს, მმართველი პარტია ამ დროს ამბობს, რომ ივანიშვილი ოლიგარქი არ არის. მაპატიეთ და, ორივეს ქვეყანა “ფეხებზე კიდია”, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.