“ოქროს ფასი ძალიან დაკლებულია. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ყველა მეტალის. გარდა ამისა, მოთხოვნაზე საუბარი საერთოდ ზედმეტია”, – ამის შესახებ ძვირფასი ლითონების ექსპერტმა, ირმა მოსიაშვილმა “თბილისი თაიმსთან” საუბრისას განაცხადა.
როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ამა თუ იმ მიზეზის გამო, მათ მუშაობა არ აქვთ.
“მუშაობა არ გვაქვს. არ ვიცით, რა მიზეზით – რადგან ფასმა დაიწია, ხალხში ფული აღარ ტრიალებს თუ ომმა იქონია ამაზე გავლენა – მოკლედ, ძალიან ცუდი სიტუაციაა. 1997 წლიდან ამ სისტემაში ვარ. შეიძლება ითქვას, პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. სიტუაცია ძალიან არეულია. წარმოიდგინეთ, გრამის ფასი მინიმუმ 25 ლარით არის დაწეული. აქ უკვე საუბარი არ არის საქართველოს მოცემულობაზე. მთლიანად, მსოფლიოშია არეული სიტუაცია, რამაც ოქროზეც იმოქმედა.
ამ პერიოდში, საშემოდგომოდ და ახალ წლამდე ოქროს ფასი მატულობდა ხოლმე. შესაძლოა, მსოფლიო ბაზარზე არ ყოფილიყო ფასების ზრდა, მაგრამ საქართველოში, მეტ-ნაკლებად, ასე იყო ხოლმე. საქართველოში ახლა ყველაფერზე ფასს აქვს მატება. ოქროზე ფასი კი მიწასთან არის გასწორებული. 90 ლარი ერთი გრამი, ჩვეულებრივი, 585, თამამად შემიძლია ვთქვა, წლებია, არ ყოფილა”, – განაცხადა ირმა მოსიაშვილმა.