თოჯინები, რომლებსაც ახლა გაგაცნობთ, შეიძლება ითქვას, ზღაპრული და ჯადოსნურია. ავტორის გემოვნება, თითოეული მათგანის შექმნის ისტორია და მიზეზი, რის გამოც ისინი იქმნება – მათ განსაკუთრებულს, ძალიან ემოციურს ხდის. ნინო ჩიქოვანი თოჯინებს ანტიალერგიული, საბავშვო ძაფით ქმნის. სამოსისთვის გამოყენებულია სხვადასხვა სახის ქსოვილი, ხოლო ფეხსაცმელისთვის ნატურალური ტყავი და ტყავის შემცვლელი. ის “თბილისი თაიმსს” თავად უყვება.
როგორ შეისწავლეთ აღნიშნული საქმიანობა?
ქსოვა ბებიამ მასწავლა ძალიან ადრეულ ასაკში. მე და ჩემი და მთელი ბავშვობა თოჯინებს ვუქსოვდით და ვუკერავდით სამოსს, ალბათ, აქედან დაიწყო ჩემი განსაკუთრებული სიყვარული თოჯინების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით ქიმიკოსი ვარ, სამსახურიც სულ სხვა სფეროში მაქვს, ქსოვა და სხვადასხვა ნივთის შექმნა არასოდეს შემიწყვეტია. ნამუშევრებს საკუთარ ფეისბუქგვერდზე ვანთავსებდი და, ძირითადად, ჩემთვის ვიტოვებდი ან ვჩუქნიდი ახლობლებს და მეგობრებს.
რამდენიმე წლის წინ ნათესავმა ქალბატონმა ნაქსოვი ბაჭიის ვიდეოგაკვეთილი გამომიგზავნა და მითხრა, რომ მეცადა. ის ღამე გავათენე და გამომივიდა. ამის შემდეგ ჩემით დავიწყე მასალის მოძიება, ვათვალიერებდი სხვა ქვეყნის მეთოჯინეების ნამუშევრებს და საბოლოოდ ჩამოყალიბდა ის სახე, რომელიც აქვთ ჩემს გოგოებს და ჩემეულია. დღემდეც სულ თვითგანვითარების, ახლის ძიების და სწავლის პროცესში ვარ.
წლების მანძილზე ვერ ველეოდი თოჯინებს. პანდემიის პერიოდში ჩემი ოჯახის და ახლობლების თხოვნით გადავწყვიტე გასხვისება, გავაკეთე სამუშაო გვერდი, სახელწოდებით „ბაბინია“ (ჩემი შვილის და დისშვილის სახელების ერთობლიობა) და წელიწად-ნახევარია, უკვე უამრავ პატარას და არამხოლოდ პატარას ახარებენ ჩემი თოჯინები. ყველა დადებითი შეფასება, კომენტარი და მოწონება უდიდესი სტიმულია ჩემთვის, რასაც არ იშურებენ ახლობლები და სრულიად უცხო ადამიანები.
როგორ იქმნება თქვენი ერთი თოჯინა?
ერთი თოჯინის შექმნას, დაახლოებით, 5-6 დღე სჭირდება, რადგან ეს მოიცავს ქსოვის, კერვის და ქარგვის პროცესს.
თავდაპირველად, იქსოვება დეტალები, შემდეგ იწყება ყველაზე რთული – სახის შექმნა, სადაც ყველა მილიმეტრს აქვს მნიშვნელობა, რათა მივიღო ის გამომეტყველება, რომელიც მე მომწონს.
როდესაც თოჯინა თვალებს გაახელს და გაცოცხლდება, შემდეგ ვფიქრობ სამოსზე, ფერებზე, რომელიც მას მოუხდება. ზოგჯერ წინასწარ მაქვს ნაფიქრი – როგორი უნდა იყოს ის, ზოგჯერ გზადაგზა, კეთების პროცესში მომდის იდეები. ვცდილობ, არ გავმეორდე და თუნდაც იმავე მოდელის შეკვეთის შემთხვევაში პატარა დეტალები მაინც იყოს განსხვავებული.
ყველაზე სახალისო და საინტერესო პროცესი შემოსვა და აქსესუარებია. კერვაც, თარგების აგებაც ამ თოჯინების გამო ვისწავლე “იუთუბიდან”, თან დედა ყოველთვის კერავდა და ეს ალღოც ალბათ მისგან გამომყვა.
რა არის კონკრეტული ხაზი, რაც ყველა მათგანს აერთიანებს?
ჩემთვის ყველა თოჯინა განსხვავებულია, ყველას თავისი ხასიათი აქვს, მაგრამ ყველას აერთიანებს ჩაცმის სტილი, ყველა პრინცესულია და რასაც ყველა აღნიშნავს და მახარებს, ყველა მათგანისგან მოდის სითბო და დადებითი ენერგია, რასაც ვფიქრობ, რომ მთელი სულით და გულით ვაქსოვ მათში.
ხელოვნების სხვა მიმართულებით თუ ხართ დაინტერესებული?
ძალიან ბევრი ინტერესის სფერო მაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი საქმიანობა იმდენ განხრას მოიცავს, რომ, ფაქტობრივად, დროს არ მიტოვებს – სხვა მიმართულებებიც ვცადო.