უჯარმაში, მდინარე იორის არხში, 16 და 21 წლის ძმების ცხედრები გუშინ, გვიან ღამით იპოვეს. გარდაცვლილი ძმები ნიკა და ივიკო მახარობლიშვილები არიან.
ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი მამიდაშვილთან ერთად, მდინარეზე საბანაოდ წავიდნენ, რა დროსაც, ერთ-ერთ ძმას, სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა, მეორე კი წყალში მის გადასარჩენად შევიდა.
თორნიკე ყრუაშვილი, ნიკას უახლოესი მეგობარი:
“ორივე – ნიკაც და ივიკოც არაჩვეულებრივი, უიშვიათესი, ყველანაირად კარგი ბიჭები იყვნენ. ნიკას უფრო კარგად ვიცნობდი და ასეთი წესიერი, პატიოსანი, მეგობრული და ჭკვიანი ადამიანი იშვიათად შემხვედრია. ძმებს ოჯახიც სანიმუშო აქვთ. ნიკა 2019 წელს გავიცანი, როცა უნივერსიტეტში ჩავირიცხეთ (სოციალური პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტზე) და პირველივე დღიდან დავმეგობრდით, იმ დღიდან ძმებივით ვიყავით, ყველაფერში ვუგებდით ერთმანეთს. მერე კონფერენციებში ვიღებდით მონაწილეობას, ბოლოს ერთ სამსახურშიც ვმუშაობდით. ბოლო დროს ნიკა სატელეფონო ინტერვიუერი იყო, გამოკითხვებზე მუშაობდა “CRRS ჯორჯიაში”.
ის ყველანაირად წარმატებული და შემდგარი ადამიანი იყო, იყო სტიპენდიატი. სამეცნიერო სტატიები იყო, კონფერენციები, თუ სხვა, ყველაფერს ერთად ვაკეთებდით. არ შემიძლია ნიკაზე წარსულში ლაპარაკი, ჯერ კიდევ არ ვარ გონზე… როგორც ვიცი, უჯარმა მისი დედის სოფელია და ყოველ წელს ჩადიოდნენ პაპა-ბებიასთან. გუშინწინაც ვესაუბრე, უბრალოდ, ეგ დეტალი არ ვიცოდი, მდინარეზე რომ დადიოდნენ საბანაოდ. წელს მამიდაშვილთან ერთად ჩავიდნენ სოფელში, გუშინ არ მისაუბრია ნიკასთან, არ შემოსულა და ვერ მოვახერხე მოკითხვა. ისვენებდა და არ გამკვირვებია.
თბილისში 24 საათი ყველაფერს ერთად ვაკეთებდით, ვათანხმებდით და ჩათვალეთ, რომ ჩემი ტყუპისცალი დავკარგე. ზუსტად არ ვიცი, რომ არ მოგატყუოთ, მაგრამ რაც მახსენდება ის არის, რომ ზღვაზე როცა ვლაპარაკობდით, ნათქვამი აქვს, რომ ცურვა არ იცოდა. როგორც თქვეს, არხზე ძმას, ივიკოს დაუცდა ფეხი, წყალში ჩავარდა და ნიკა მის გადასარჩენად გადახტა წყალში. წინა დღესაც ყოფილან იმავე ადგილას საბანაოდ, მეზობლებს დაუნახავთ. მათი მამიდაშვილიც იქ ყოფილა და უთქვამს, სანამ მოვიხედე, არც ერთი აღარ იყოო. ნიკას 10 დღეში, 29 აგვისტოს ჰქონდა დაბადების დღე და გუშინწინ, გვიან ღამით რომ ვილაპარაკეთ, მითხრა, ხელფასი რომ ჩამერიცხება, ჩემი დაბადების დღისთვის სადმე უნდა წავიდე, კარგად დავისვენოო. არ აუხდა ოცნება…
ნიკა 21 წლის გახდებოდა. ივიკო მე-12 კლასში გადავიდა. ჩემი თხოვნაა დაწეროთ, რომ ნიკასნაირი პატიოსანი, ადამიანური, მოწესრიგებული, მეგობრული, ჭკვიანი ადამიანი იშვიათია. ის პირველი კურსიდან სტიპენდიატი და სამეცნიერო სტატიების ავტორია, სტუდენტურ ცხოვრებაში აქტიურად იყო ჩართული. მასზე ყველაფერი კარგის თქმა შემიძლია მხოლოდ. ჩვენ მეოთხე კურსზე გადავედით. ნიკას და ივიკოს ერთი პატარა ძმა დარჩათ. ეს უდიდესი, ენითუთქმელი და რთულად გადასატანი ტრაგედიაა, ნიკას სახით ერთგული ძმა დავკარგე..”