ქართველებს არასდროს მოგვბეზრდება, ვისმინოთ და ვიკითხოთ, როგორ ინარჩუნებს ჩვენს წარსულს ესა თუ ის ბრენდი, როგორ იბეჭდება ქვეყნის ისტორია ამა თუ იმ ნამუშევარში, როგორ ცოცხლდება კარგად დავიწყებული ძველი. თუმცა, არანაკლებ სასიამოვნოა, როცა ამ ყველაფრით სხვა ქვეყნების წარმომადგენლები ინტერესდებიან. “ფაფანაკი” – ეს იმ ბრენდის სახელწოდებაა, რომელიც თანაბრად აღმაფრთოვანებელია როგორც ქართველისთვის, ისე – უცხოელისთვის. დეტალებზე “თბილისი თაიმსს” ნინო ჭყონია ესაუბრა.
როდიდან იწყება “ფაფანაკის” ისტორია?
“ფაფანაკი” არსებობს 22015 წლიდან. საქმიანობა დავიწყეთ მე და ჩემმა მეუღლემ. ჩვენ ვართ მოცეკვავეები. მე გახლავართ მხატვარი და დიზაინერი. ორივე ანსამბლ “რუსთავის” წევრები ვართ და ამავე ანსამბლის კოსტიუმების მხატვარი ვიყავი, სანამ ამ საქმიანობას დავიწყებდი. უკვე შემდეგ, ამ ჩემმა პროფესიამ გამოიწვია ის, რომ დამიკავშირდნენ ქორეოგრაფები, ანსამბლების ხელმძღვანელები და მომთხოვეს ესკიზები. შესაბამისად, დავიწყე უკვე ამ მხრივ მუშაობა. წამოვიდა მოთხოვნა, რომ შემექმნა სხვადასხვა ცეკვის ესკიზი და გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა რაღაც საკუთარი. დავიწყეთ ჩვენი სახლით – მოვიყვანეთ მკერავი, შევიძინეთ მეორადი მანქანა. დავიწყეთ სასცენო კოსტიუმებით. მოხდა ისე, რომ მესამე დღესვე ძალიან ბევრი ჩოხის შეკვეთა მივიღეთ, ნელ-ნელა დავამატეთ მკერავები და გავფართოვდით. ამ ეტაპზე, ვმუშაობთ ახალ შოურუმთან დაკავშირებით.
რა იყო თქვენი უმთავრესი მიზანი?
ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა ეროვნული სამოსის სამკერვალო, ოღონდ იქნებოდა კონკრეტულად სასცენო მიმართულების. მაგრამ შემდეგ ვცადეთ ერთი ყაბალახის გაკეთება. ეს ერთი უცბად გახდა ათი, ოცი და ა.შ. შემდეგ ვიღაცას საქორწილო ჩოხა მოუნდა, ბავშვის მოსანათლი ტანსაცმელი და ასე მივამატეთ მეორე ხაზი. უკვე მერე გადავწყვიტე, გამეკეთებინა რაიმე ისეთი, რომ ყოველდღიურობაში ადამიანებს შეძლებოდათ, ჩაეცვათ.
როგორ შეაფასებთ – გაამართლა თქვენმა იდეამ?
ჩვენმა საქმიანობამ ძალიან გაამართლა, ჩვენი მიღწევებიდან გამომდინარე ვამბობ. ოფიციალურად, ბრენდის წოდებაც მივიღეთ, ძალიან ბევრ კონკურსში გავიმარჯვეთ, გვიკავშირდებიან საელჩოები, სხვადასხვა სამინისტრო და ა.შ. ნულიდან დაწყებული საქმე დღეს უკვე ძალიან წარმატებულია.
როგორია უცხოელების ინტერესი?
უცხოელები, ჩემდა გასაკვირად, საკუთარი ინიციატივით გვაგნებენ და ძალიან მოთხოვნადი და აქტუალურია მათთვის ჩვენი სამოსი. მათ იციან ყველაფრის სახელწოდება, ცნობენ ჩვენს კულტურას. იაპონელები არიან განსაკუთრებით აქტიურები.