მედიკამენტებს, რომლებსაც მოსახლეობა აფთიაქებში უპრობლემოდ ყიდულობდა პირველი იანვრიდან მხოლოდ ექიმის რეცეპტით გაიცემა, ჯანდაცვის მინისტრის , დავით სერგიეენკოს განცხადებით 2014 წლის პირველი იანვრიდან ექიმის დანიშნულების გარეშე, გარკვეული ჯგუფის მედიკამენტები არ გაიყიდება. ”თბილისი თაიმსი” დაინტერესდა თუ რას ფიქრობენ ფარმაცევტული კომპანიები ამ გადაწყვეტილებაზე.
ჩვენი მორიგი ბლიც-გამოკითხვაც სწორედ ამ საკითხს ეხება. ეთანხმებიან თუ არა ფარმაცევტული კომპანიები ამ გადაწყვეტილებას, მოახდენს თუ არა ეს ყოველივე გავლენას გაყიდვებზე , დაზარალდებიან თუ არა რიგითი მოქალაქეები და რამდენად წარმოადგენდა საჭიროებას ეს გადაწყვეტილება ამ ეტაპზე.
გამოიკითხა საქართველოს ბაზარზე არსებული ფარმაცევტული კომპანიები: PSP; ავერსი; GPC; 36.6; ემ ფარმა და ნეო ფარმი. გამოკითულ კომპანიათა უმრავლესობა არ ეთანხმება აღნიშნულ გადაწყვეტილებას და თვლის, რომ ამ ეტაპზე ეს ყოველივე საჭიროებას არ წარმოადგენდა. ყველა გამოკითხული კომპანია აცხადებს, რომ ამ კანონის მიღება მოსახლეობას აუცილებლად დააზარალებს.
გთავაზობთ ბლიც-გამოკითხვის შედეგებს:
PSP –ს ადმინისტრაცია აღნიშნულ გადაწყვეტილებას ეთანხმება, რადგან ამ კანონის შემოღების შემთხვევაში მოსახლეობა თვითნებურად მკურნალობას ვეღარ შეძლებს და ასევე, ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლას. PSP-ში თვლიან, რომ ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება კომპანიისთვის ცუდი შედეგის მომცემი არ იქნება, გაყიდვებსაც არ შეამცირებს. კომპანიაში თვლიან, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საჭიროებას წარმოადგენდა, თუმცა მოსახლეობას ძალიან დააზარალებს და საჭირო იქნება მოქალაქეების მხრიდან დამატებითი ხარჯების გაწევა.
GPC -ში აცხადებენ, რომ ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ აპროტესტებენ და არ ეწინააღმდეგებიან, თუმცა თავს არიდებენ იმის დაფიქსირებას, მოსწონთ თუ არა ეს გადაწყვეტილება. კომპანიის გაყიდვების სამსახურში ვარაუდობენ, რომ ამ გადაწყვეტილებამ გაყიდვების შემცირება არ უნდა გამოიწვიოს. კანონმა შესაძლოა დააზარალოს მოსახლეობა, რადგანაც ეს ყველაფერი დამატებითი ხარჯების გაწევას მოითხოვს თუმცა თვლიან, რომ ეს სასარგებლო იქნება, რადგან მოსახლეობა თვითნებურად ვეღარ მიიღებს წამლებს. კომპანიაში განაცხადეს, რომ ჯერჯერობით ამ გადაწყვეტილების მიღება საჭიროებას არ წარმოადგენდა.
ფარმაცევტულ კომპანია ავერსიში მიღებულ გადაწყვეტილებას ეთანხმებიან, რადგანაც აღნიშნული კანონი მსოფლიოს თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს და სასარგებლოა მოქალაქეებისთვის, თუმცა აქვე აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება მოსახლეობას დააზარალებს და უმრავლესობა ვერ შეძლებს ექიმთან რეგულარულ ვიზიტს. აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება საჭირო იყო.
36.6– აღნიშნული გადაწყვეტილება არ მოსწონთ, რადგან ეს მათ მუშაობას ხელს შეუშლის, ისინი აცხადებენ, რომ დიდია საფრთხე ექიმებმა რეცეპტის გამოწერისას მიუთითონ პაციენტებს თუ რომელ აფთიაქში შეიძინონ ესა თუ ის მედიკამენტი, კომპანიაში აცხადებენ, რომ თუ მედიკამენტები რეცეპტის გარეშე არ გაიყიდა ეს შეამცირებს გაყიდვებს და დააზარალებს ასევე მოსახლეობასაც, რადგანაც მათ მიერ საჭირო გახდება დამატებითი ხარჯების გაწევა, რისი საშუალებაც ყველას არა აქვს. სააფთიაქო ქსელში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არაფერს გააუმჯობესებს და მისი მიღება ამ ეტაპზე ისეთი ღარიბი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა საჭიროებას არ წარმოადგენდა.
ემ ფარმა– ში არ ეთანხმებიან აღნიშნული კანონის შემოღებას და თვლიან, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო, კანონის შემოღება ჩაძირავს შედარებით პატარა აფთიაქებს, რადგან შესაძლოა, დიდმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა მოისყიდონ ექიმები, რომლებიც მიუთითებენ პაციენტებს თუ რომელ აფთიაქში შეიძინონ მედიკამენტები. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ხსენებული კანონის მიღება შეამცირებს გაყიდვებს და აუცილებლად დააზარალებს მოქალაქეებს, ბევრს არა აქვს სამწუხაროდ საშუალება რეგულარულად მიაკითხოს ექიმს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში აღნიშნული კანონი უკვე მოქმედებს მაგრამ საქართველოში ჯერჯერობით საჭიროებას არ წარმოადგენდა, რადგანაც ჯერ კიდევ ძალიან ბევრი სხვა საკითხია მოასგვარებელი.
ნეო ფარმი -ში მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და ვარაუდობენ, რომ ეს ყველაფერი გაყიდვებს შეამცირებს და ნეო ფარმისთვის ცუდი შედეგის მომცემი იქნება,“ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალიან დააზარალებს მოსახლეობასაც და სააფთიაქო ბაზრის გაუმჯობესების ნაცვლად საპირისპირო სურათს მივიღებთ, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება საჭიროებას არ წარმოადგენდა,“ – განმარტავენ კომპანიაში.
20.11.13
ნინა პირტახია