უცხო, ამოუცნობი, შთამბეჭდავი გემოები, შეიძლება ითქვას, ჩვენს ყოველდღიურობას ახალისებს. იმ შემთხვევაში, თუ საინტერესო გემოს ვიპოვით, ის აუცილებლად ხდება ჩვენი მუდმივი თანამგზავრი. საზოგადოებას სწორედ ის მოთხოვნა აქვს, რომ ნებისმიერ სფეროში ჰქონდეს არჩევანი ჩვეულებრივსა და არაჩვეულებრივს შორის. სწორედ ასეთ გამორჩეულ პროდუქტს ქმნის ქეთი მელაძე. ის ბევრისთვის რთულად წარმოსადგენ გემოებს ერთმანეთს ისე უთავსებს, რომ შეუძლებელიც კია, მან არ მოგხიბლოთ. “თბილისი თაიმსს” ქეთი ესაუბრა.
“ძირითადად, მე ვამზადებ მურაბებსა და ჯემებს. მაქვს განსხვავებული სახეობის პროდუქტი – როგორიც არის წიწაკის ჯემი ფეიხოათი, წიწაკის ჯემი კომშით, მარწყვი ბაზილიკით, ჟოლოს ჯემი წიწაკითა და როზმარინით, ლეღვის ჯემი წიწაკით და ა.შ. ეს საქმიანობა დავიწყე 2020 წლიდან, განსაკუთრებით პოპულარულია წიწაკის ჯემი კომშით – მას ჰყავს ძალიან ბევრი მომხმარებელი”.
როგორც რესპონდენტი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, აღნიშნული საქმიანობა ოჯახური ბიზნესია.
“ეს გახლავთ ოჯახური ბიზნესი. ყველაფერს მე ვამზადებ, მეხმარება დედა და კიდევ მყავს ორი თანამშრომელი. ვამატებ ხოლმე სხვადასხვა სახეობის პროდუქტს, ვიგონებ მათ და ვსვამ გემოებს. ხილიც ხომ სეზონურად არის და როგორც კი ახალი შემოდის, მოდის იდეაც, რომ გავაკეთო ახალი სახეობის მურაბა”.
ქეთი მელაძის თქმით, მის ჯემებსა და მურაბებზე მოთხოვნა ყოველდღიურად მზარდია.
“მაქვს შოურუმი “ბაზარი ორბელიანზე”. მოთხოვნა ჩემს პროდუქტზე დიდია და ის ყოველდღიურად იმატებს. არ მაქვს საწარმო, ყველაფერი მზადდება ოჯახში. დუშეთში მაქვს მიწის ნაკვეთი და იქ ავაშენეთ ფართი, პატარა საწარმოსთვის და ვაპირებ, შემდგომში აქ გავაგრძელო ჩემი საქმიანობა. გეგმაშია გაფართოება. ამ ეტაპზე, ჩემი ჯემები და მურაბები არ გადის საქართველოს ფარგლებს გარეთ. ვაპირებ, რომ ჯერ საქართველოს ბაზარი ავითვისო სრულად”.