ხელოვანი, რომელსაც ამ მასალაში გაგაცნოთ, არცთუ ისე დიდი ხანია, რაც ბოჭკოვან მინაზე მუშაობს – ნათია კიკნაძე სულ რამდენიმე თვეა, რაც ჯადოსნურ ნივთებს ქმნის, თუმცა – მუშაობს ყოველდღიურად და ძალიან დიდი ენთუზიაზმით. აღნიშნული მიმართულება მან თავად შეისწავლა, განვითარდა, თუმცა, აქვს სურვილი, კიდევ მეტი ისწავლოს და შემდეგ უკვე სხვებსაც შეასწავლოს. ნათია საკუთარ ისტორიას “თბილისი თაიმსს” უზიარებს.
თავდაპირველად, რომ გვითხრათ – რას ამზადებთ?
ვმუშაობ ბოჭკოვან მინაზე, ე.წ. ეპოქსიდზე. ვამზადებ მაგიდებს, ლანგრებს, ჭიქის დასადგამებას და პანოებს. ამ ბოლო დროს, მაგიდებზე გაჩნდა დიდი მოთხოვნილება და მეც ძალიან მსიამოვნებს მათზე მუშაობა. ვიყენებ ბოჭკოვან მინას, ბუნებრივ გამომშრალ ყვავილებს და პიგმენტებს. გარდა ამისა, ვიყენებ ოქროსფერ ქაღალდს სილამაზისთვის. ასევე, ვმუშაობ კენჭებზე – ესკიზებს ვამზადებ ყვავილებით, რაც ბოლო პერიოდში დავიწყე. ქვაც ქართულია, ყვავილებიც ქართულია და უცხოელები რომ ყიდულობენ ამ ნამუშევრებს, რაღაცნაირად, საქართველოსთან ასოცირდება. ლანგრებს რაც შეეხება – არის შემთხვევებიც, როდესაც მზა ლანგარზე ვასხამ ყვავილებისგან აწყობილ ნახატს. ამ მხრივ ჩემი შესაძლებლობები არ არის ამოწურვადი. უბრალოდ, მე თვითონ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივარ წინ. კიდევ, ვამზადებ კედლის საათებს.
საინტერესო, ამ მხრივ, ინტერესი რატომ გაგიჩნდათ?
ზოგადად, ბავშვობიდან მიყვარდა რაღაც ნივთებისგან კიდევ სხვა რაიმეს შექმნა – ვქსოვ, ვქარგავ… შესაძლოა, ერთი პატარა დეტალი ისე დავინახო, რომ ადამიანებისთვის შთამბეჭდავი ნივთი შევქმნა. ყვავილების მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული გრძნობა მქონდა. ვცდილობდი, ისინი შემენახა წიგნებში და ვაკვირდებოდი – რომელი უფრო დიდხანს ძლებდა. როდესაც გამომშრალი ყვავილი მზის გულზე ხვდება, ის ფერს კარგავს და იშლება. ისინი მოვამზადე ბოჭკოვან მინაში და თან ისე დამემთხვა, რომ როდესაც პირველი ყალიბი ჩამომივიდა, ყვავილები შემოდიოდა – მათ ძალიან დიდი სიხშირით ვაშრობდი და ვიცოდი, რომ ისინი არ კვდებოდნენ, იძენდნენ სხვა სიცოცხლეს. ამ საქმეში ნამდვილად ვიპოვე ჩემი თავი. როდესაც ადამიანი თავის საქმეს იპოვის, უდიდესი სიმშვიდე და სიამოვნების განცდა იგრძნობა. მუშაობის პროცესში ბევრი ემოცია და სიახლე მოდის, რაც მავსებს და მაძლიერებს.
რა იყო ის სირთულეები, რისი გადალახვაც მოგიწიათ?
თავდაპირველად, ვფიქრობდი, რომ ეს საქმიანობა ადვილი იქნებოდა. მოვიძიე სითხე, ყალიბი… თუმცა, არ გამოვიდა. შემდეგ დავიწყე სწავლა. იმდენად მინდოდა, ეს გამეკეთებინა, რომ გარშემო ყველაფერი დამეხმარა. ვიდეოებით, დაკვირვებებით ვისწავლე. მაგრამ არ მივიჩნევ, რომ ყველაფერი ვიცი, სიამოვნებით შევიმეცნებდი მეტს და შემდეგ უკვე მე თვითონაც ვასწავლიდი.
ნამუშევრების შექმნას ნამდვილად ახლავს რთული პროცესები. უპირველესად, საჭიროა იზოლირებული ოთახი, რომელშიც იქნება სისუფთავე. ჰაერი ძალიან მოქმედებს სამუშაო პროცესზე. ძალიან ბევრი წესია დასაცავი. თუ არ არის შეკვეთა, წინასწარ არასდროს ვიცი, რას ავაწყობ. მუშაობისას მოთმინება ყველაზე მნიშვნელოვანია.