საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს შესახებ მსოფლიომ კარგად იცის. ჩვენთან წარმოებულ ღვინოს ყველგან განსაკუთრებულად აფასებენ და მის მიმართ მოთხოვნა მუდამ მზარდია. მწარმოებლების, ამ სფეროს სამაგალითო წარმომადგენლების დამსახურებაა, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხე ქვეყნებმა დეტალურად გაიცნეს და დღეს უკვე ძალიან ბევრმა არაქართველმა იცის, რომელი ჯიშის ყურძენი რომელი რეგიონისთვის არის დამახასიათებელი და სად რა ტიპის ღვინო მზადდება.
საოჯახო მარანი – “ოდა” სამეგრელოს ღვინის ტურიზმის პირველი წარმატებული მაგალითია. ამ ყველაფრის ისტორია ძალიან საინტერესოა და ის სათავეს 1933 წლიდან იღებს – ეს გახლავთ თარიღი, როდესაც ის პართენ გაგუასა და ოლღა გეგიას მიერ მარტვილში აშენდა. ამ შენობის სიცოცხლე 2016 წელს ასევე ძალიან საინტერესოდ გაგრძელდა – ზაზა გაგუა დიდი ბებიისა და ბაბუის ოდაში თბილისიდან საკუთარ ოჯახთან ერთად გადასახლდა. ასე და ამგვარად, სამეგრელოში ღვინის ტურიზმს დაედო სათავე, სწორედ “ოდას” მეშვეობით, რამაც სტიმული მისცა უკვე სხვა მწარმოებლებს.
გარდა იმისა, რომ ამ მხრივ ადგილობრივი, არაერთი ბიზნესი განვითარდა, “ოდამ” მეგრული ღვინის კულტურა აზიარა ამ მიმართულებით დასაქმებულ, არაერთ პროფესიონალ ქვეყანას.
რაც შეეხება, კონკრეტულად, რას აწარმოებს “ოდა” – ის ქმნის იშვიათი მეგრული, ლეჩხუმური და რაჭული ჯიშების ღვინოებს. ისინი არანაირად ჩარევას არ განიცდიან – აღნიშნული ღვინოები არ იფილტრება და არ შეიცავს დანამატებს. წლების მანძილზე, წარმოებამ, ეტაპობრივად, მიაღწია წარმატებებს და გაფართოვდა იმ ქვეყნების რიცხვიც, რომლებშიც ისინი ექსპორტზე გადის.
საოჯახო მარან “ოდა”-ს დამფუძნებელი, ქეთო ნინიძე “თბილისი თაიმსს” ესაუბრა.
“სამეგრელო ერთერთმა ჩვენ გავაცანით მსოფლიოს 11 ქვეყანას. ჩვენი ღვინოები გადის ამერიკის შეერთებული შტატების 11 შტატში, კანადაში, დანიაში, დიდ ბრიტანეთში, შვედეთში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში. ისრაელში, იაპონიაში, ავსტრალიაში. ვფიქრობთ, რომ წელს ჩინეთსა და ტაივანშიც დავამატოთ ექსპორტი. ჩვენ ვახდენთ ქართული ღვინის, მცირე მარნების პოპულარიზაციას, ასევე, ქართული ვაზის იშვიათი ჯიშების.
საქართველოში მეღვინეობის ორი ძირითადი ხაზია – ერთი გახლავთ კლასიკური, დიდი მეღვინეობები და მეორე – დაახლოებით, 10-15 წელია, რაც განვითარდა მცირე სუბკულტურა, რომელიც, სიმცირის მიუხედავად, არის ძალიან მნიშვნელოვანი – ეს არის მცირე მარნების მიმართულება. მსოფლიოში დღეს ძალიან დიდია ინტერესი სწორედ მცირე მარნების მიერ წარმოებული ღვინოების მიმართ. მცირე მარნები საქართველოში არის, როგორც ერთი პატარა ოჯახი – ჩვენ ერთმანეთში არ გვაქვს კონკურენცია იმდენად, რამდენადაც არ ვაწარმოებთ იმ ღვინოს, რა მასშტაბის მოთხოვნაც არის თუნდაც მხოლოდ აშშ-ის ბაზარზე. ვფიქრობთ, უპირველესად, კარგი ღვინის წარმოება და მსოფლიოში იმ ადამიანებთან სწორი კომუნიკაცია, რომლებსაც ღვინო უყვართ, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იყო წარმატებული ამ საქმეში”, – აღნიშნა ქეთო ნინიძემ.