საქართველოს აქვს რესურსი, აწარმოოს რაც შეიძლება მეტი ხარისხიანი და გემრიელი პროდუქტი. ჩვენს ქვეყანაში კი ადამიანებს აქვთ ინტერესი, ჩაატარონ ჯანსაღი ექსპერიმენტები და მომხმარებლებს მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზონ.
“მაგემე” მარწყვის სასათბურე მეურნეობაა, რომელიც აგრიტურისტული მიმართულებით გააქტიურდა. სხვადასხვა შეთავაზების, აქტივობის გამო, მის მიმართ დაინტერესებული ადამიანების რაოდენობა მუდმივად მზარდია.
არცთუ ისე დიდი ხანია, რაც აღნიშნული ბიზნესი საქართველოს ბაზარზე ხელმისაწვდომია, თუმცა, ხარისხიანი პროდუქტის წარმოებიდან გამომდინარე, კომპანიას უფრო და უფრო მეტი ვიზიტორი ჰყავს. “თბილისი თაიმსს” “მაგემეს” დამფუძნებელი, ქეთი დოლიძე ესაუბრა.
“მაგემე” 2020 წელს დაარსდა, ხოლო მისი პირველი პროდუქცია ბაზარზე 2021 წლიდან არის.
კომპანია აწარმოებს მარწყვს, პრემიალური ხარისხის – სან ანდრეასის ჯიშის. გარდა ამისა. გვაქვს აგროტურები, სადაც სტუმრები სხვადასხვა აქტივობაში იღებენ მონაწილეობას. ის 5000მ² ფართობზეა გავრცელებული, აქედან სასათბირე მეურნეობა კი 4000 მ²-ზე გახლავთ.
ამ ეტაპზე, მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ვართ წარმოდგენილები. თუმცა, ვგეგმავთ გაფართოებას – სერვისების დამატებას ვაპირებთ, რათა მომხმარებლებს ახალი მომსახურებები შევთავაზოთ”, – აღნიშნა ქეთი დოლიძემ.