„1001 ღამე“ – ეს იმ საქმიანობის ჯადოსნური სახელწოდებაა, რომელიც სულ რაღაც ერთ წელზე მეტია – რაც არსებობს. დამფუძნებლები – მარიამ ბადალაშვილი და ქეთევან ჭანტურია სურნელივან სანთლებს ამზადებენ. სხვა არაერთი ბიზნესის მსგავსად, მისი არსებობის იდეაც კოვიდპანდემიიდან მომდინარეობს. უფრო დეტალურად, „თბილისი თაიმსს“ მარიამ ბადალაშვილი ესაუბრა.
საინტერესოა, რის გამო გაგიჩნდათ ინტერესი?
კოვიდის დროს დამატებითი შემოსავალი გვინდოდა – გვქონოდა. ვიფიქრეთ, რომ სახლში ყოფნისას ერთ-ერთი საუკეთესო გზა იყო ონლაინ მაღაზიის შექმნა და შემოსავლის გაჩენა. რადგან სახლში ვიყავით – გვინდოდა, რაიმე პროდუქტიული შეგვექმნა, რომელიც ამავდროულად სიამოვნებას მოგვანიჭებდა.
რისგან ამზადებთ მათ?
სანთლებს ვამზადებთ პარაფინისგან და ვაფორმებთ სურნელოვანი ზეთებით, სხვადასხვა ფერით, მცენარეებითა და ნატურალური ქვებით.
როგორ შეაფასებთ – რა არის ის ძირითადი მახასიათებელი, რითაც თქვენი პროდუქტი სხვებისგან გამორჩეულია?
ფასები გვაქვს საკმაოდ მისაღები ქართულ რეალობაში, გამორჩეული და დახვეწილი შეფეუთვა და დიზაინი გვაქვს, მაქსიმალურად ვცდილობთ – მოვარგოთ ყველა დეტალი კლიენტის ინტერესებს, ამასთანავე, მაქსიმალურად დროულად ვცდილობთ შეკვეთის ადრესატამდე მიწოდებას.
რა სირთულეებთან არის დაკავშირებული მზადების პროცესი?
მზადების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადია, აუცილებელია – მუშაობისას იყო დეტალებზე ორიენტირებული, ყოველ ჯერზე, როცა რაიმე ფორმა არასრულყოფილი გამოდის, მუშაობას თავიდან ვიწყებთ. დაგვჭირდა ძალიან დიდხნიანი პრაქტიკა და სწავლა, რომ მიგვეღწია იდეალური შედეგისთვის.
გარდა ამისა, სხვა რაიმეს თუ აწარმოებთ?
დიახ, სურნელოვან სანთლებთან ერთად, გვაქვს ქალის ულამაზესი თეთრეული, რომელიც საკმაოდ დახვეწილი და ელეგანტურია. ამასთანავე, ვიღებთ სპციალურ შეკვეთებსაც გარკვეულ ნივთებზე, მაგ: ქალის და მამაკაცის აქსესუარები.