მარი ბენდელიანი ერთერთია იმ ადამიანებს შორის, რომელსაც მუდმივად აქვს საინტერესო, კრეატიული და სასარგებლო იდეები. ამჯერად, მან მომხმარებელს შესთავაზა პროდუქტი – ღილები, რომლებიც ნაჭრების ნარჩენებისგან მზადდება. ის “თბილისი თაიმსს” უამბობს, როგორ მოიპოვა მხარდაჭერა და რა ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ მისი ახალი იდეა წარმატებული ყოფილიყო.
“USAID-ის პროგრამის ერთერთი კომპონენტია BUZZ Georgia. ეს არის ქსელი, სადაც მეწარმე ქალები არიან გაერთიანებულნი მთელი ქვეყნიდან. მე ამარჩიეს Buzz ელჩად, რაც ძალიან დიდი პატივია და, ამავდროულად, ბაზ ელჩებისთვის პერიოდულად ტარდება სხვადასხვა ტრენინგი, შეხვედრები. აგრეთვე, ის მეწარმეებს სთავაზობს მცირე გრანტებს. ზაფხულში ჰქონდათ გამოცხადებული 1 000-ლარიანი გრანტი, რომელიც გამოყოფილი იყო გადაუდებელი საჭიროებისთვის. მე მჭირდებოდა წვრილ-წვრილი ინსტრუმენტები, ხელსაწყოებისა და ნედლეულის შეძენა. დამიფინანსდა ეს მცირე პროექტი, რომლის ფარგლებშიც შევიძინე ღილების გასაკეთებელი ხელსაწყო, მისი დახმარებით კი საინტერესო ნარჩენი ნაჭრებისგან ვამზადებ ფერად ღილებს. აგრეთვე, ამიერიდან, ეტიკეტები გვექნება ტყავის და ქსოვილების ნარჩენებისგან. ამისთვისაც შესაბამისი ხელსაწყო სწორედ ამ გრანტის ფარგლებში შევიძინე. ეს 1 000 ლარი დაიხარჯა პროდუქტის გამრავალფეროვნებასა და ეტიკეტირება-ბრენდირების გასახალისებლად”, – ამბობს მარი და იმ სიახლის შესახებ გვიამბობს, რომელიც კონკრეტულად სოციალური მეწარმეებისთვის დაინერგა.
“ჩვენთვის, სოციალური მეწარმეებისთვის არის შემდეგი სიახლე – სოციალურ საწარმოთა ალიანსმა თბილისში გახსნა მაღაზია – “ესკი”, სადაც 30-მდე სოციალური მეწარმის პროდუქტი იყიდება მთელი საქართველოდან. ეს მაღაზია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან რეგიონში მოქმედ საწარმოებს დიდი გამოწვევები გვაქვს გაყიდვებთან დაკავშირებით. ამ მაღაზიის გახსნით გაგვიჩნდა დამატებითი მოტივაცია, განვახორციელოთ ძველი, თაროზე შემოდებული იდეები.
მე, როგორც მეწარმეს, მქონდა იდეები. სულ მინდოდა, მეცადა სხვადასხვა ტექნიკა, მაგრამ როდესაც იცი, რომ ამ კონკრეტული პროდუქტის გაყიდვა გაგიჭირდება ადგილზე, მოტივაცია ნაკლებია. გარკვეული იდეები იანვარში უკვე გამზადებული მქონდა, მაგრამ ამ პროდუქტების ბოლომდე მისაყვანად მოტივაცია ამ მაღაზიის გახსნამ გამიჩინა. უკვე გავგზავნეთ ჩვენი ეკომეგობრული აქსესუარები და ჩანთები, მივიღეთ უკუკავშირი, რომ ძალიან მოსწონს როგორც ადგილობრივ, ისე – უცხოელ მომხმარებელს”, – ამბობს მარი ბენდელიანი “თბილისი თაიმსთან” საუბრისას.