ყველა ხელოვანს საკუთარი ისტორია აქვს. ზოგი ძალიან ბევრ წელს ითვლის, ზოგი კი მოულოდნელად აღმოჩენილ ინტერესთან არის დაკავშირებული. თამუნა მაჭავარიანის ამბავი სათავეს მის ბავშვობაში იღებს. თუმცა, ხელსაქმე მისთვის შემოსავლის წყაროდ სულ ახლახან იქცა. დეტალურად, რას ამზადებს და რა მახასიათებლებით გამოირჩევა მისი ნამუშევრები – “თბილისი თაიმსს” თამუნა თავად ესაუბრა.
თავდაპირველად, გვითხარით – რას ამზადებთ?
ამჟამად, ვმუშაობ ნაქარგებზე და ჭრა-კერვის ხელოვნებით ვარ გატაცებული. ხელსაქმე ბავშვობიდან თან დამსდევს, რადგან ოჯახში დედა ყოველთვის თავისი ხელნაკეთი ნივთებითა თუ ტანისამოსით გვანებივრებდა. ახლა უკვე 5-6 თვეა, დაახლოებით, რაც ჩემი ბავშობის გატაცება და ინტერესი პროფესიად და შემოსავლის წყაროდ ვაქციე.
რა არის ის ძირითადი ხაზი, რაც თქვენი ყველა ნამუშევრისთვის არის დამახასიათებელი?
ვინაიდან და რადგანაც მე ვმუშაობ მხოლოდ ხელით და არ ვიყენებ საქარგავ მანქანას, თითოეული ფრაგმენტი, რომელიც ჩემ მიერ ამოქარგულ სუფრებზე მაქვს დატანილი – არის უნიკალური. არცერთი ნახატი თუ წარწერა ერთმანეთს არ ჰგავს და მაქსიმალურად წინ მაქვს წამოწეული ქართული ხაზი და მისი უნიკალური ნიშანთვისებები.
როგორ შეაფასებთ მომხმარებლის ინტერესს თქვენი პროდუქტის მიმართ?
ინტერესი Tabla Story-ის, ჩემი სუფრების მიმართ და აქტიური შეკვეთები მალევე წამოვიდა, რადგან ქართული ორნამენტებით, ჩვენი ტრადიციული კერძებით არის დამახასიათებელი. ძალიან ხშირად მაქვს უცხოელებისგან შეკვეთები, ასევე, ქართველი ემიგრანტებისაგან, რომელიც განსაკუთრებულად მახარებს. ჩემს სუფრებზე ინდივიდუალურ შეკვეთებს და მოთხოვნებსაც ვიღებ ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ჩემი პროდუქცია უფრო მრავალფეროვანი გახდა და ნელ-ნელა საერთაშორისო თემატიკასაც კი ვეხებით.
გარდა ამისა, სხვა სახის ხელსაქმით თუ ხართ დაკავებული?
ჩემს მეგობარს აქვს კერამიკის სტუდია – “ათინათი” და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ამ საქმესაც პროფესიონალურად დავეუფლო. კერამიკით – ისევე. როგორც ქარგვით შემიძლია უნიკალური პროდუქტის შექმნა, რაც ჩემს ამჟამინდელ საქამიანობასთან ძალიან ახლოს იქნება.