“რუსეთს არ ჰქონდა საბრძოლო რესურსი და მას სჭირდებოდა ხალხი”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, მამუკა არეშიძემ “თბილისი თაიმსთან” საუბრისას განაცხადა.
პოლიტოლოგმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება შეაფასა.
“მობილიზაციას აქვს ორი მხარე – ერთი ის არის, რომ შეივსოს საბრძოლო ძალა (რუსეთში ამის უკვე ძალიან სერიოზული დეფიციტია). რეალურად, რუსები მალავენ დაღუპული ჯარისკაცების რიცხვს. ისინი ამბობენ, რომ 5 000 ადამიანი დაეღუპათ. როგორც ჩანს, ეს მაჩვენებელი, სინამდვილეში, ბევრად მეტია და უკრაინელების მიერ გაჟღერებული რიცხვი რეალობასთან ახლოს არის – ისინი ამბობენ, რომ რუსებს, დაახლოებით, 55 000 სამხედრო დაეღუპათ.
მეორე მხარე არის შემდეგი – რეჟიმი მკაცრდება. კრემლში დიდი ნაწილი არსებული პოლიტიკის წინააღმდეგია. აქედან გამომდინარე, რეჟიმის სიმკაცრის დემონსტრირებაც ხდება”, – განმარტა არეშიძემ.
როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებით, საზოგადოების დიდი ნაწილი აღშფოთებულია.
“საზოგადოების დიდი ნაწილი მობილიზაციის ძალისმიერი პროცესით ძალიან აღშფოთებულია. პირდაპირ ქუჩებში იჭერენ ახალგაზრდებს და ძალით მიჰყავთ სამობილიზაციო პუნქტზე. ეს, ბუნებრივია, იწვევს პროტესტს. კრემლი ამ ქმედებით ცეცხლს ეთამაშება და ხალხის უკმაყოფილების ხარისხი იზრდება. თუ აქამდე ხალხის დიდი ნაწილი უარყოფითად იყო განწყობილი უკრაინაში მიმდინარე ომით, მაგრამ ეშინოდა ამის გამომჟღავნების, ახლა უკვე მდგომარეობა იცვლება”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.