“რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებას, რა თქმა უნდა, საქართველოზე პირდაპირი ასახვა არ ექნება, გარდა იმისა, რომ ადამიანები მოაწყდნენ საზღვარს. ეს პირველი შემთხვევა არ არის. გვახსოვს 24-ში, ომის გამოცხადების პერიოდში სანქციების დაწესების შემდგომ ანალოგიური მოვლენები იყო. თუმცა, გასათვალისწინებელია ერთი რამ – თვისობრივად, კატეგორია, რომელიც მაშინ შემოვიდა საქართველოში, განსხვავებულია იმ კატეგორიისგან, რომელიც ახლა იმყოფება საზღვარზე. პირველ შემთხვევაში, ადამიანები ეკონომიკურ სანქციებს გაურბოდნენ და ნაწილს იდეური დაპირისპირება ჰქონდა ხელისუფლებასთან – უკრაინაში შეჭრის გამო, ნაწილი კი ფინანსებით უზრუნველყოფას ცდილობდა. ეს იყო, მეტ-ნაკლებად, საზოგადოების ინტელექტუალური ნაწილი”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ “თბილისი თაიმსთან” საუბრისას განაცხადა.
ძაბირაძემ განმარტა, თუ რა გავლენის მომტანი იქნება საქართველოსთვის რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება.
“დღევანდელი ვითარება სრულიად განსხვავებულია – ეს ხალხი, ვინც დღეს რუსეთიდან გამორბის, დიდი ნაწილი არის ის, ვინც რეზერვისტია და ჯარში გაწვევა ემუქრება. ისინი ცდილობენ, გაექცნენ ომს. ისინი საკმაოდ საფრთხილონი არიან, რადგან არავინ იცის, მათ რამდენ ხანს ეყოფათ საქართველოში საარსებო რესურსი. თუ აღმოჩნდება, რომ მათ აქ საარსებო წყარო არ ეყოფათ, მაშინ ეს იქნება ძალიან სახიფათო მომენტი. ლტოლვილთა ახალი ნაკადი არ არის ფინანსურად უზრუნველყოფილი მოსახლეობა.
კიდევ ერთი – ახალი პროცესი დაიწყო მას შემდეგ, რაც პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. თუ ამას გავითვალისწინებთ, ასევე, იმას, თუ რა რეაქცია აქვს ამაზე დასავლეთს, ომი გაგრძელდება და მან შესაძლოა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, საკმაოდ მძიმე სოციალური გარემო შექმნას რუსეთში – ასევე, იმ სანქციებმა, რომლებიც მის წინააღმდეგ დრო და დრო ამოქმედდება. ეს გამოიწვევს მესამე ტალღას, რასაც აუცილებლად მოჰყვება მეოთხე ტალღა”, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.