ლუდის მოყვარულებისთვის , სულ რაღაც სამი თვეა, ქართულ ბაზარზე ახალი პროდუქტი გაჩნდა – “ჯერკი“. რომელიც მომხმარებლებს ახალ და განსაკუთრებულ გემოს სთავაზობს. ეს გახლავთ გამომშრალი ღორის ხორცი, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ წითელსოფელში იწარმოება. იდეის ავტორი ცოლ-ქმარი გახლავთ – მაკო არაბულსა და გიორგი გვრიტიშვილს აქვთ საკუთარი ისტორია, თუ როგორ და რატომ გახდნენ მეწარმეები. “თბილისი თაიმსს” მაკო არაბული ესაუბრა.
თავდაპირველად, გვიამბეთ – როგორ გაჩნდა აღნიშნული პროდუქტის წარმოების იდეა?
“ჯერკის” წარმოების იდეა მომივიდა 6 თვის წინ, ხოლო 3 თვეა, რაც უკვე არსებობს და იყიდება. “ჯერკი” იმით არის გამორჩეული, რომ უმაღლესი ხარისხის, ნატურალურად სუფთა, ღორის უცხიმო ხორცისგან მზადდება. არ შეიცავს სოიოს, არომატის გამაძლიერებლებს და ფერის მიმცემ საღებავებს. ჩემთვის მთავარია ხარისხი და სრული პასუხისმგებლობით ვდებ ამ ხარისხის გარანტიას.
კონკრეტულად, რას ითვალისწინებს თქვენი საქმიანობა?
ჩვენი საქმიანობა ითვალისწინებს ქართული ნაწარმის განვითარების და საკუთარ ქვეყანაში თვითგანვითარების ხელშეწყობას. რამდენიმე წელია, დიდი სურვილი მაქვს – გავხდე მეწარმე, ვაწარმოო ქართული პროდუქტი და შევქმნა ბევრი სამუშაო ადგილი. ასევე მინდა, ვიყო მაგალითი იმისა, რომ მაქსიმალურად თუ დავიხარჯებით, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს საკუთარ ქვეყანაში.
უმეტესად, ვინ არის “ჯერკის” მომხმარებელი?
“ჯერკის” მომხმარებელი არის ყველა ადამიანი, რომელსაც ოდნავ მაინც უყვარს ლუდი. გათვლაც ასეთი მქონდა.ასევე, ფასიც გათვლილია ყველა სეგმენტზე.
თუ გეგმავთ, თქვენს წარმოებას სხვა პროდუქტიც შემატოთ?
რა თქმა უნდა, ვგეგმავ, განვითარება აუცილებელია. რაც პროექტმა – “აწარმოე საქართველოში” დაფინანსა 20 000 ლარით, გამიჩნდა უფრო დიდი მოტივაცია და სურვილი, რომ უფრო მეტი შევქმნა ჩემს ქვეყანაში.
შემდეგი პროდუქტი იქნება ლორი და სერველადი, რომლის დამზადების საკუთარი ტექნოლოგია მაქვს და, ცხადია, აქაც ხარისხი და გემო იქნება უპირველესი.