“ძირითადად, სისტემის მთავარი მიზანი არის ქალაქში მოძრაობის ნაკადის დარეგულირება, შუქნიშნების მართვა, იგივე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების ხელშეწყობა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს უნდა იყოს ერთიანი სისტემა, რომელიც ქალაქის ნებისმიერ უბანში შუქნიშნების კავშირს უზრუნველყოფს ისე, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც. ავტომობილების მძღოლებსაც ექნებათ უფრო კომფორტული გადაადგილების საშუალება – შესაძლებელი იქნება მართვა და დაბალანსება იმის მიხედვით, თუ სად არის უფრო მეტი ნაკადი”, – ამის შესახებ ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტმა, გელა კვაშილავამ “თბილისი თაიმსთან” საუბრისას განაცხადა.
კვაშილავამ განმარტა, თუ რას შეუწყობს ხელს თბილისში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარება.
“მთავარი ის არის, რომ ეს არის ერთერთი ელემენტი, რომელიც მნიშვნელოვანია ქალაქში მოძრაობის ორგანიზებისთვის – თუ სხვადასხვა შუქნიშანი ინტეგრირებულია ერთმანეთთან და მთლიანად ქალაქში გამართულად მუშაობს, ეს ხელს უწყობს საცობების შემცირებასაც, გაცილებით ეფექტურია ნაკადის მართვა.
ჩვენთან შემოდის ახალი ავტობუსები, შესაბამისი ზოლების მართვა ასე ხელით შეუძლებელია. ამ შემთხვევაში, “ჭკვიანი შუქნიშნები” ნიშნავს იმას, რომ ხორციელდება მოძრაობის დარეგულირება ონლაინრეჟიმში”, – განაცხადა გელა კვაშილავამ.