“კოკორინა” – ასე ჰქვია ფერმას, რომელიც მომხმარებელს ძალიან სასარგებლო და ჯანსაღ პროდუქტებს სთავაზობს. უკვე რამდენიმე წელიწადია, რაც მისი დამფუძნებელი, ეთო კაპანაძე საყვარელი საქმიანობის გაფართოებაზე მუდმივად ზრუნავს. იხვის ფერმა, რომელიც დიდ ლილოში მდებარეობს, ადამიანებს მუდმივ სიახლეებს სთავაზობს. უფრო დეტალურად, “თბილისი თაიმსს” ეთო თავად ესაუბრა.
“მეოთხე წელი დაიწყო, რაც ამ საქმიანობით ვარ დაკავებული. ძირითადად, გვაქვს იხვის ფერმა, შემდეგ შევმატეთ კურდღლები, ინდაურები. პერიოდულად, გვყოლია მწყერი, ქათამი. თუმცა, მომხმარებელი გვიცნობს, როგორც იხვის პროდუქციის მწარმოებლებს ქართულ ბაზარზე.
თბილისის გარეუბანში, დიდ ლილოში გვაქვს ჩვენ კერძო სახლი. თავდაპირველად, მოვიყვანეთ 100 ჭუჭული. ნელ-ნელა გავფართოვდით და ახლა აქვე, ლილოშივე იჯარით გვაქვს აღებული ფერმა, სადაც უხვების სხვადასხვა თაობა გვყავს. სამომავლოდ პირადად მე ძალიან მინდა, რომ მყავდეს მსხვილფეხა საქონელი, რათა რძისა და ყველის წარმოება დავიწყო. ეს საქმიანობა ძალიან მაინტერესებს და ვნახოთ, რა იქნება. ყოველ შემთხვევაში, სურვილი მაქვს”, – ამბობს ეთო.
რესპონდენტი აღნიშნავს, რომ მის პროდუქციას საკმაოდ მრავალფეროვანი მომხმარებელი ჰყავს – რიგითი მოქალაქეებით დაწყებული, ქსელური მარკეტებით დასრულებული.
“გვყავს სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებელი – როგორც ადგილობრივი, რიგითი მომხმარებლები, ისე – უცხოელები, კაფეები, რესტორნები, სწრაფი კვების ობიექტები ინტერესდებიან და მათ ვაწვდით პროდუქციას. რესტორნებისა და ქსელური მარკეტების დაინტერესება საკმაოდ დიდია. საქართველოში ხალხს უჭირს ახალი პროდუქტის მიღება. დასავლეთში უფროა იხვის კერძების კულტურა. თბილისსა და აღმოსავლეთში ამ პროდუქტის მიღება უჭირთ. იხვის კვერცხი ძალიან ნოყიერი და ბევრი ვიტამინის შემცველია. ხშირად შეგვქმნია რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები, რადგან საზოგადოებას აქვს მიუღებლობა. თუმცა, ჩვენ გვყავს ერთგული მომხმარებელი და ახალი მომხმარებლებიც გვემატებიან.
ახლა ვამზადებთ ნახევარფაბრიკატებს – იხვის ტოლმასა და ხინკალს. ის მზადდება წინასწარი შეკვეთით, ახალი ხორცით. პროდუქცია არის სრულიად უვნებელი და გემრიელი”, – ამბობს ეთო კაპანაძე.