როდესაც საქმე საჩუქრის შერჩევას ეხება, ჩვენ არაერთ დეტალს ვითვალისწინებთ – მათ შორის, მიმღების გემოვნებას, ხასიათს, ინტერესებს… ქართული თემატიკა ქართველებისთვის განსაკუთრებულია. გარდა ამისა, ამ მიმართულებით ინტერესი უცხოელებშიც დიდია. „ქართული კერამიკა“ ადამიანებს აძლევს არჩევანსა და შესაძლებლიბას, რომ შექმნას სასაჩუქრე ყუთები განსაკუთრებული გემოვნებით. „თბილისი თაიმსს“ თეონა თხილიშვილი ესაუბრა.
რამდენი ხანია, რაც „ქართული კერამიკა“ არსებობს?
“ქართული კერამიკის“ ფეისბუქგვერდი შეიქმნა 2018 წელს, თუმცა, კერამიკის საწარმო 25 წელზე მეტია – არსებობს და მუდმივად ჰყავდა თავისი მომხმარებელი, ღვინის კომპანიები, რომლებსაც წლებია, ეს პროდუქცია გააქვთ ექსპორტზე, ასევე, ქართულ ბაზარზე. მიზანი ფეისბუქგვერდის შექმნისა ემსახურებოდა იდეას, რომ ინფორმაცია გამევრცელებინა საწარმოზე.
როგორ გაჩნდა სასაჩუქრე ყუთების შექმნის იდეა?
დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ მხოლოდ ბოთლის ფოტოს არ ჰქონდა დიდი გამოხმაურება და გადავწყვიტე, მომხმარებლამდე ეს ყველაფერი მიმეტანა რაღაც სხვა ფორმით. ეს ქართული, ტრადიციული სასმისები მინდოდა, თანამედროვე ვარიანტი ყოფილიყო მომხმარებლისთვის, თან – ძველი და ტრადიციული.
შევქმენი სასაჩუქრე ყუთები, სადაც ჩავდე კერამიკის დოქი, სასმისები, სხვადასხვა სუვენირი. პირველმა რამდენიმე ყუთმა დაიმსახურა დიდი ყურადღება და იდეაც, რა თქმა უნდა, უფრო განვითარდა.
როგორ ფიქრობთ, რა გამოარჩევს მათ?
დღეს ვფიქრობ, ჩვენს სასაჩუქრე ყუთებს გამოარჩევს ის, რომ ერთად არის ძველი ტრადიციისა და ახალი, თანამედროვე მოთხოვნილებების ერთობლიობა.
ასევე, მომხმარებლისგან ვიღებთ შეფასებას, რომ ამ სასაჩუქრე ყუთებს ეტყობა, ყველა დეტალი როგორი მონდომებით არის აწყობილი, ძალიან ორიგინალურ ფორმას სძენს ბუნებრივი მცენარეებით გაფორმება, რომელიც სათითაოდ არის შეგროვებული ჩემ მიერ. ეს პროცესიც კი დიდი სიამოვნებაა. მთავარია, რომ საქმე, რასაც ვაკეთებ, ძალიან მიყვარს და ამისგან სიამოვნებას ვიღებ, ალბათ, ეს ეტყობა ყველა, ჩემ მიერ აწყობილ ყუთს. ნელ-ნელა გაჩნდა ბევრი იდეა, დაემატა ყუთებს ხელნაკეთი მატიკები, ქართული მაგიდის გადასაფარებლები, სასურველი წარწერებით მისალოცი ბარათები და ა.შ.
ჯე კიდევ ახალი დაწყებული იყო ამ ყუთების შექმნა, რომ რამდენიმე კომპანიამ მოგვანდო კორპორატიული საჩუქრების დამზადება ახალი წლისთვის, წელს უკვე ველოდებით გამოცდილებით და ახალი იდეებით.
ქვეყნის ფარგლებს გარეთ თუ გადის თქვენი ყუთები?
ჩვენი სასაჩუქრე ყუთები გადის საზღვარგარეთ, ქართველი მომხმარებლები ხშირად მომმართავენ თხოვნით: “მივდივარ სტუმრად საზღვარგარეთ და მინდა, წავიღო ქართული საჩუქარი“.
ასევე, გვყავს უკვე მუდმივი მომხმარებლები – ჩვენი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებსაც პირადად ვუგზავნი ფოსტით სასაჩუქრე ნაკრებებს.
სამომავლოდ, რა გეგმები გაქვთ?
სამომავლო გეგმა და იდეა ბევრია, გარდა ონლაინმუშაობისა, ვგეგმავთ, ჩვენი პროდუქცია განვათავსოთ ტურისტულ მაღაზიებში. სამომავლოდ იმედია, ჩვენი მაღაზიაც გვექნება და ჩვენთან მოსული მომხმარებელი თავად ააწყობს სასაჩუქრე ყუთს.
ვცდილობ, რომ ერთფეროვანი არ იყოს ეს ყველაფერი და მუდმივად ვმუშაობ განახლებაზე, გამრავალფეროვნებაზე სასაჩუქრე ნაკრებებისა.