“ელექტრონული სიგარეტი ჯერ კიდევ 80-იანი წლების მეორე ნახევარში გამოიგონეს ჩინეთში, ჰონგ კონგში. თუმცა, ამ ახალი ტიპის, ლეტალურ პროდუქტს იმთავითვე პოპულარობა არ მოუპოვებია. საქართველოს ბაზარზე ეს პროდუქტი შემოვიდა 2011-2012 წლებიდან. სამწუხაროდ, ჩვენი კანონმდებლობით, ეს პროდუქტი არ რეგულირდებოდა. ეს მოხდა მხოლოდ 2018 წლიდან – ელექტრონული სიგარეტები შევიდა თამბაქოს ნაწარმის ჩამონათვალში და მასზე ვრცელდება ყველა ის რეგულაცია, რაც ჩვეულებრივი თამბაქოს შემთხვევაში”, – ამის შესახებ თამბაქოს კონტროლის ალიანსის თავმჯდომარემ, გიორგი ბახტურიძემ “თბილისი თაიმსთან” საუბრისას განაცხადა.
ბახტურიძემ შეაფასა, თუ რა საფრთხეების შემცველია ელექტრონული სიგარეტის მოხმარება და როგორია ტენდენცია – მზარდია თუ არა მის მიმართ ინტერესი.
“ელექტრონულ სიგარეტში ნიკოტინი გვხვდება თხევადი სახით და მასზე დამოკიდებულება სერიოზულია. რაც შეეხება დანამატებს – აქ გამოყენებულია 15 000-მდე არომატიზატორი და, მათი გამოყენების შედეგად, ისედაც ტოქსიკური ბუნების მქონე ნარევები უფრო მეტად ტოქსიკური ხდება. გარდა ამისა, გავრცელებულია ინფორმაცია, რომ ეს დანამატები იხსნება გლიკოლსა და გლიცერინში. ისინი სამედიცინო მიზნით გამოიყენება, მაგრამ, ცხადია, ცივი სახით, გახურებულ მდგომარეობაში კი, ამ გამხსნელებსა და არომატიზატორებს სერიოზული ზიანი მოაქვს როგორც მწეველისთვის, ასევე, მის გარშემო მყოფებისთვის. ამიტომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ ეს პროდუქტი არანაკლებ საშიშია ჯანმრთელობისთვის, ვიდრე ჩვეულებრივი თამბაქოს პროდუქტი.
ბოლო წლებში ახალი ტიპის დაავადება ჩამოყალიბდა – ევალი. ეს გულისხმობს ფილტვის ქსოვილების სწრაფ დაზიანებას, შედეგად, რამდენიმე დღეში დგება სასიკვდილო განაჩენი. არ არის გამორიცხული, რომ ამას საქართველოშიც ეპიდემიის სახე მიეცეს, რადგან ჩვენთანაც საკმაო დამოკიდებულებაა ელ. სიგარეტზე. არის დაახლოებით 50 ქვეყანა, სადაც საერთოდ არის აკრძალული ელექტორნული სიგარეტის როგორც წარმოება, იმპორტი და გამოყენება.
ელ. სიგარეტის მოხმარება არის საკმაოდ მარტივი, რაც ხელს უწყობს მოწევის ინიცირებას, განსაკუთრებით – ბავშვებსა და ახალგაზრდებში. ბოლო წელიწად-ნახევარია, საქართველოშიც შემოვიდა ერთჯერადი ელ. სიგარეტები, რომლებიც საკმაოდ საშიშია ჯანმრთელობისთვის. თუმცა, ბავშვები და ახალგაზრდები ხდებიან მათზე დამოკიდებული და გადადიან ჩვეულებრივ თამბაქოზე. 2016 წელთან შედარებით, კვლევების თანახმად, ამ პროდუქტის მოხმარება გაზრდილია.
სამწუხაროდ, ამას ხელს უწყობენ მშობლებიც. იყო არაერთი შემთხვევა როდესაც ისინი შესულან კონფლიქტში სკოლის ადმინისტრაციასთან, თუ რატომ აუკრძალეს მათ შვილებს ელექტრონული სიგარეტების გამოყენება სკოლის ტერიტორიაზე.
კანონდმებლობის თვალსაზრისით, აქ პრობლემები არ გვაქვს, რადგან ელ. სიგარეტი რეგულირებული პროდუქტია, მაგრამ გამოწვევად რჩება ელ. სიგარეტის სითხეების დაბეგვრის დაბალი დონე. იმედია ფინანსთა სამინისტრო მალე მოახდენს ელ. სიგარეტის გადასახადის გათანაბრებას ჩვეულებრივ სიგარეტთან. რაც შეეხება აღსრულებას, ჩვენი მონიტორები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ისევე ამოწმებენ ელექტრონული სიგარეტის მოხმარებას, როგორც – თამბაქოს გამოყენებას. ასევე მნიშვნელოვანია მოქალაქეების ამ კუთხით აქტიურობა და თუკი შემაჩნევენ ელ. სიგარეტის მოწევის ფაქტს დახურულ საზოგადოებივ შენობებში ან ტრანსპორტში მოახდინონ რეაგირება და მოუწოდონ ადმინისტრაციას აღკვეთონ უკანონო ქმედება. მნიშველოვანია განათლების სისტემის ნება, რათა ჩვენმა სპეციალისტებმა გადავამზადოთ პედაგოგები, სკოლის ექიმები და სკოლის ადმინისტრაცია ამ მიმართულებით, რომლებიც თავის მხრივ ინფორმაციას მიაწვდიან მოზარდებს და ხელს შეუწყობენ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მოსწავლეებში”, – განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.