კომპანია „მათეს მადლი“ მომხმარებელს უნიკალურ პროდუქტს სთავაზობს – ეს გახლავთ ქართული თაფლის სანთლისგან დამზადებული სასმისები, საეკლესიო ნივთები, სუვენირები და ა.შ. ჯამურად, 200 დასახელების პროდუქტი იქმნება „მათეს მადლის“ მიერ. უფრო ზუსტად, რამდენი ხანია, რაც კომპანია არსებობს და როგორ იქმნება ნამუშევრები – „თბილისი თაიმსს“ კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი, შორენა ერემაშვილი ესაუბრა.
2023 წელს ჩვენს კომპანიას დაარსებიდან 10 წელი უსრულდება. გვეამაყება, რომ საქმიანობა დავიწყეთ უწმინდესის, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. ეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გვმატებს.
კონკრეტულად, რას ქმნით?
კომპანია ,,მათეს მადლი,, ნატურალური, ქართული თაფლის სანთლისგან (ცვილისგან) ფუნქციურ ეკოპროდუქციას ქმნის (საღვინე ფიალები და სასმისები, ბოთლები ალკოჰოლური სასმელებისათვის, დიდი და პატარა ჭიქები, თაფლის კასრები, საეკლესიო კუთხის ნივთები, კელაპტრები, თაფლის სანთლის სუვენირები…..)
როგორ იქმნება პროდუქტი?
ნამუშევარი საბოლოო სახის მიღებამდე გრძელ, რთულ გზას გადის რამდენიმე ეტაპად. თაფლის სანთელი უნიკალური ბუნებრივი ნედლეულია. უამრავი სასარგებლო მახასიათებლის გამო, მათ შორის – ანტიბაქტერიული, დასაბამიდან აქტიურად გამოიყენებოდა მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში. ჩვენი წინაპრებიც სწორედ ამ თვისების გამო სანთლავდენ საღვინე ქვევრებს. შეიცვალა დროება, მაგრამ თაფლის სანთლის უნიკალური თვისებები კვლავ შენარჩუნებულია. სწორედ ამ საოცარი ნედლეულისგან მზადდება ჩვენი პროდუქცია.
თუ გეგმავთ კიდევ სხვა პროდუქტის დამატებას?
დღესდღეობით, კომპანია აწარმოებს, დაახლოებით, 200 დასახელების პროდუქციას და ეს პროცესი კვლავ გრძელდება. კარს ახალი წელია მომდგარი, შესაბამისად, ტრადიციულ საახალწლო სანთლის სუვენირებთან ერთად, 2023 წლის სიმბოლო – კურდღელი იძერწება ჩვენს სახელოსნოში – ყოჩაღი, ენერგიული, რომანტიკოსი და, რასაკვირველია, მხიარულიც.