“უკვე დაწყებულია რესპირატორული დაავადებების სეზონი. შეიძლება, ასეც ითქვას, რომ გამწვავებულიც კი არის, რადგან ძალიან ბევრი პაციენტია, რომელსაც უკვე აღენიშნება ზედა სასუნთქი გზების ინფექციების კვალი, რასაც ჩვენი მოსახლეობა უწოდებს “გაციებას”. ეს გახლავთ ადენოვირუსები, რინოვირუსები, გრიპის ვირუსი… აქედან გამომდინარე, წელს ძალიან მომრავლდა იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც აღენიშნებათ ეს სიმპტომები, რადგან შარშან და შარშანწინ, კოვიდის პერიოდში, ჩვენ ვატარებდით ნიღბებს და ის გვიცავდა”, – ამის შესახებ „თბილისი თაიმსს“ პროფესორი, ექიმი-თერაპევტი, მაკა ბულეიშვილი ესაუბრა.
როგორც თერაპევტმა აღნიშნა, პარალელურად, ჩვენ ვხვდებით კოვიდის ფორმებსაც, რაც შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს.
“პარალელურად, ვხვდებით კოვიდის ფორმასაც, მაგრამ შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს ის. თუმცა, აქაც საინტერესოა ის, რომ შეიცვალა მისი სიმპტომები და ახლა ადამიანებს აღენიშნებათ ყელის ტკივილი, მწვავე რესპირატორული სიმპტომები და მაღალი სიცხე.
ქვეყანაში უკვე გამოცხადებულია გრიპის იმუნიზაციასთან დაკავშირებით, საკმაო ხანია. არის ამის ხელმისაწვდომობა, პირველადი ჯანსაცვის რგოლებში, პოლიკლინიკებში. რაც შეეხებათ პენსიონერებს, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს – მათ შეუძლიათ, საკუთარ ოჯახის ექიმთან ჩაიტარონ ვაქცინაცია უსასყიდლოდ. ასევეა ბავშვთა ასაკის შემთხვევაშიც. მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებიც არ არიან ამ ასაკის კატეგორიების წარმომადგენლები, საკუთარი სურვილის მიხედვით, აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში.
ამ მხრივ, მომართვიანობა არის, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ აქტიური. რასაც ძირითადად ვამჩნევთ ხოლმე, როდესაც მოსახლეობა მიიღებს ინფორმაციას, რომ მზარდია რესპირატორული დაავადებების შემთხვევების რიცხვი, ამ დროს უფრო ხდება მათი გააქტიურება, ვიდრე – პრევენციის კუთხით. ჩვენთან ეს უკვე, უმეტესად, დაგვიანებულ ეტაპებზე ხდება”, – განაცხადა მაკა ბულეიშვილმა.
როგორც ბულეიშვილმა აღნიშნა, ორი კვირა არის საჭირო იმისთვის, რომ ვაქცინამ იმოქმედოს. ამასთან, იმუნიზაციისგან თავი უნდა შეიკავონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ტემპერატურა, სურდო ან მსგავსი სიმპტომები აღენიშნებათ – სანამ ისინი გამოჯანმრთელდებიან.