ყველა საქმიანობას აქვს საწყისი – როდესაც გაჩნდა იდეა და დაიგეგმა მისი სრულყოფის გზები. ამ მომენტში, ადამიანები საკუთარ თავსა და გარემოცვაში ვხედავთ შანსებს, შესაძლებლობებს… ანასტასია გიორგაძემ საკუთარი საქმიანობა ჯერ კიდევ მიმდინარე წელს წამოიწყო. ის დამწყები დიზაინერია და დააფუძნა საკუთარი ატელიე – „ავანტურინი“. ამის შესახებ ის „თბილისი თაიმსს“ ესაუბრა.
“ავანტურინი”-ს არსებობა ჩემთვის ძალიან საინტერესოდ დაიწყო. ეს იყო 2022 წლის ივნისის თვე, მომენტი, როდესაც ყველაზე რთული პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში და დავრჩი სრულიად მარტო, თუმცა, ამან მხოლოდ უდიდესი მოტივაცია მომცა, რათა დამეწყო ჩემი საქმიანობა, რომელიც ძალიან მიყვარს. როდესაც ადამიანს აქვს მიზანი, მიისწრაფვის ამ მიზნისკენ და ბევრს შრომობს, ყველაფერი გამოვა.
კონკრეტულად, რას საქმიანობთ?
მე გახლავართ დამწყები დიზაინერი და ვკერავთ ჩემი დიზაინით შექმნილ ტანისამოსს, ასევე, ვსაქმიანობთ ინდივიდუალური კერვით. ვთავაზობთ მომხმარებელს მათი გემოვნების გათვალისწინებით, მათზე მორგებულ, 100%-ით ხარისხიან ტანისამოსს.
რით არის თქვენი პროდუქცია გამორჩეული, განსხვავებული?
პირველ ყოვლისა, ჩვენ ვართ ორიენტირებულნი ხარისხზე, რაზეც პასუხისმგებლები ვარ. ასევე, მყავს უკრაინიდან, ომის დროს ჩამოსული მკერავები, რომლებმაც, ვფიქრობ, მასწავლეს და დამანახეს კერვის ისეთი ტექნოლოგია და ხედვა, რაც, სამწუხაროდ, საქართველოში არავის უსწავლებია ჩემთვის. ყველაზე მთავარი, არცერთი უკმაყოფილო და ნაწყენი მომხმარებელი არ გვყავს და იმედია,
ასე გაგრძელდება.
მომხმარებლის გემოვნებითაც ქმნით თუ მხოლოდ საკუთარი იდეებით?
რა თქმა უნდა, მომხმარებლის აზრი ჩვენთვის ნომერ პირველია, შესაბამისად, როდესაც მომხმარებელი მოდის კონკრეტული, უკვე არსებული მოდელით, ჩვენ ამ ყველაფერს ადგილზე გავდივართ, ვხატავთ, ვცვლით უამრავ დეტალს ისე, რომ გათვალისწინებულ იქნეს მომხმარებლის გემოვნება და ტანისამოსი უკეთ გამოიყურებოდეს მათზე. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი უშვებს შეცდომას და ტყუვდება, როდესაც ტანისამოსს არჩევს მოდელზე. ასე ვთქვათ, ის არჩეული ტანისამოსი, რითაც მოდის ჩვენთან მომხმარებელი, ხდება ჩვენთვის ერთგვარი ინსპირაცია. თუმცა, ზუსტად ანალოგიურიც შეგვიკერავს.
თუ გეგმავთ, დამატებით სხვა პროდუქტიც შესთავაზოთ მომხმარებელს?
ვფიქრობ, ამ ეტაპისთვის ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მივჰყვეთ ჩვენს ტემპს და უფრო მეტი დრო დავუთმოთ ხარისხს, მეტ კმაყოფილ მომხმარებელს, თუმცა, ახლო მომავალში ვგეგმავთ – გავხსნათ მაღაზია, სადაც შემოგთავაზებთ ჩვენი დიზაინით შეკერილ, ქალბატონებისთვის განკუთვნილ, საღამოს და საბანკეტო კაბებს.