საქართველო, აზერბაიჯანი, უნგრეთი და რუმინეთი ევროკავშირს ელექტროენერგიას მიაწვდიან. ამის შესახებ განცხადება საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
“საქართველოს, რუმინეთს, უნგრეთსა და აზერბაიჯანს შორის უახლოეს მომავალში ხელი მოეწერება შეთანხმებას, რათა ოთხივე ქვეყანამ ამ პროექტის განხორციელება შეძლოს. ეს არის რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიცია და ის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ საქართველო ევროკავშირის ენერგეტიკულ სტრუქტურებს მიუერთდეს”, – განაცხადა მინისტრმა.
საქართველოსთვის აღნიშნული პროექტის მნიშვნელობას “თბილისი თაიმსთან” საუბრისას ეკონომიკის ექსპერტი, იოსებ არჩვაძე აფასებს.
“როდესაც ქვეყანა ზრდის ექსპორტს, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში იქმნება მეტი სამუშაო ადგილი, შემოდის მეტი უცხოური ვალუტა და ქვეყანას ექნება უფრო მეტი კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ბაზარზე.
ფაქტობრივად, ამით უმჯობესდება საგადამხდელო ბალანსი – საგადასახადო ტვირთის თანაფარდობა ქვეყნის ეკონომიკასთან, ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან თანდათანობით მცირდება. თუმცა, ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც მოთხოვნილებები სრულად კმაყოფილდება და შესაძლებელია მუშაობა ორიენტაცია-ექსპორტზე.
მსოფლიო დღეს იმდენად არამდგრადია, რომ მყარი პროგნოზის გაკეთება ჭირს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გაკეთებული პროგნოზებიც კი, მათ შორის, საქართველოზე, წელიწადში რამდენჯერმე იცვლება. მაგრამ თუ უახლოეს პერიოდში ეს პროგრამა განხორციელდა, საქართველოში ჰიდროლექტროსადგურების მშენებლობისა და ენერგეტიკული დამტკიცების თაობაზე, ჩვენ გვექნება საშუალება, არა მხოლოდ ქვეყნისთვის მზარდი მოთხოვნილებები დავაკმაყოფილოთ, არამედ – გარკვეულწილად, ორიენტაციაც ავიღოთ საერთაშორისო ბაზრებზე” – ამბობს ექსპერტი.