“რუსების მიერ ხერსონის დატოვება, რომლის აღებასაც თავის დროზე საკმაოდ დიდი მსხვერპლი და რესურსი შეალიეს, არა მარტო სამხედრო დამარცხებაა, არამედ სერიოზული პოლიტიკური და რეპუტაციული ზიანი, ზოგადად, რუსეთის სახელმწიფოსთვის, რუსეთის არმიისა და პირადად ვლადიმერ პუტინისთვის. საზოგადოებაში უკვე დაიწყო სერიოზული, ძმიმე შეკითხვების დასმა რუსეთის ხელისუფლებისა და სამხედროების მიმართ. მათ მიმართ ნდობა მცირდება და ამას აუცილებლად ექნება როგორც საშუალოვადიანი, ისე – გრძელვადიანი შედეგები. მოგეხსენებათ, უკმაყოფილების აკუმულირება როცა ხდება, ის აუცილებლად გასკდება, ჩვენ ვიცით, როგორ შეიძლება, რუსეთში უკმაყოფილებამ ამოხეთქოს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ზაალ ანჯაფარიძემ “თბილისი თაიმსთან” საუბრისას განაცხადა.
ანალიტიკოსმა უკრაინელი სამხედროების მიერ გარკვეული დასახლებების გათავისუფლება, აგრეთვე, რუსების მიერ ხერსონის დატოვება შეაფასა.
“თვითონ ხერსონის დატოვებას რაც შეეხება – უკრაინის სამხედრო სარდლობა, რომელსაც მთლიანად ინსტრუქტაჟს უკეთებს ნატოს სამხედრო ხელმძღვანელობა, მოიქცა აბსოლუტურად სწორად, როდესაც მარჯვენა სანაპიროზე განლაგებულ ხერსონში რუსეთს მოუჭრა მომარაგების, პრაქტიკულად, ყველა გზა, შესაბამისად, ეს სამხედრო დაჯგუფება, ლოჯისტიკისა და მომარაგების გარეშე, გახდა მოწყვლადი და დადგა განადგურების ან ტყვეობის რეალობის წინაშე. არცერთი აწყობდა რუსეთის ხელმძღვანელობას და არც მეორე. შესაბამისად, ისინი აღმოჩნდნენ გამოუვალ მდგომარეობაში და იმის გამო, რომ მომარაგება ვერ ხერხდებოდა და დაჯგუფება იყო განწირული, მიიღეს ხერსონის დატოვების გადაწყვეტილება.
ხერსონი, ე.წ. რეფერენდუმის შედეგად, არის რუსეთის შემადგენლობაში. შესაბამისად, რუსეთს მოუწევს მისი ხელახლა აღება, რაც შესაძლოა, დაუჯდეს გაცილებით უფრო მეტი რესურსისა და მხვერპლის ფასად”, – განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.