ბუნებრივია, ყველა ადამიანის სურვილია, ცხოვრობდეს გარემოში, რომელშიც ყველა დეტალი გემოვნებიანია. კომფორტული საცხოვრებელი პირობები ჩვენს განწყობებსა და დამოკიდებულებებზეც აისახება. ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ, საკუთარი ყოველდღიურობა ჩვენსავე გემოვნებას მოვარგოთ და შევქმნათ განსაკუთრებული, რისთვისაც პროფესიონალების დახმარება და მათი თვალთახედვა აუცილებლად გვჭირდება.
მამა-შვილი – თეიმურაზ და დავით გორდაძეები სწორედაც რომ ამ მიმართულებით საქმიანობენ. ისინი ქმნიან ხელოვნების ნიმუშებს, რომლებიც არის ხელნაკეთი და ექსკლუზიური. უფრო დეტალურად, ისინი „თბილისი თაიმსს“ ესაუბრნენ.
„ჩვენი საქმე მოიცავს ნებისმიერი სირთულის საცხოვრებელი, საოფისე და კომპიუტერული სივრცის სრულფასოვან დიზაინერულ გაფორმებას ელეგანტურ, მინიმალისტურ სტილში. სრულფასოვან გადაწყვეტაში იგულისხმება პროექტირება, რემონტი, ავეჯი, აქსესუარები, ფერწერული ტილოები და სხვა. ყოველი ნივთი ხელნაკეთია, ერთადერთი და განუმეორებელი, თუმცა, ისინი სტილისტურად ერთიანდებიან ანსამბლში, რომელსაც თამამად შეგვიძლია, ვუწოდოთ “გემოვნების აღლუმი”
ნივთები მზადდება ბუნებრივი მასალებისგან: მასიური ხე, მინა, ქვა, ტყავი, უჟანგავი ფლადი (მეტალის ავეჯი) და სხვა.
მომხმარებელთან ურთიერთობას ვებსაიტის და სოციალური მედიით დავამყარებთ, სადაც განთავსებული იქნება ჩვენი ნივთების ვიზუალური რიგი.
გეგმები ამბიციურია: სახელის მოხვეჭა, ფინანსური წარმატება და ‘გვირგვინად’
ქართული დიზაინის აკადემიის შექმნა“.