მე ვარ გიორგი ხაჭაპურიძე, 25 წლის, ვცხოვრობ ქალაქ რუსთავში, მყავს მეუღლე და 1 შვილი – ეს არის იმ ფოტოგრაფის ბიოგრაფიის ამონარიდი, რომლისთვისაც აღნიშნული საქმიანობა ჰობიდან პროფესიად გადაიქცა. გიორგიმ ხელოვნების სამყაროში პირველი ნაბიჯები 6 წლის ასაკში გადადგა. ამ პერიოდიდან მოყოლებული, მას სხვადასხვა მიმართულებით გაუჩნდა ინტერესი. მათ შორის, ყველაზე ძლიერი სიყვარული ფოტოგრაფიის მიმართ აღმოაჩნდა.
ის “თბილისი თაიმსს” უყვება, როგორ აღმოჩნდა სამყაროში, რომელშიც ყველა დეტალი თავად შეისწავლა.
“თავდაპირველად, 6 წლის ასაკში ვეზიარე იმ დიდ ხელოვნებას, რომელსაც ქართული-ხალხური ცეკვა ჰქვია. აქედან დაიწყო ჩემი დიდი სიყვარული ხელოვნებისადმი, ამასთან ერთად, მალევე ძალიან დამაინტერესა ფოტოების გადაღებამ. დიდხანს ვიღებდი ტელეფონით, ასევე, ვიღრმავებდი ხედვას ფოტოგრაფიის მხრივ. იმ დროისთვის ფოტოაპარატის შეძენა დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული და, სიმართლე გითხრათ, ვერც კი წარმომედგინა, თუ ოდესმე მექნებოდა საკუთარი. ასე ვთქვათ, ჩემი პროფესია გადაწყვიტა ჩემმა ცეკვაზე დანიშნულმა ხელფასმა, მისი მეშვეობით ვაგროვებდი თანხას. ერთ დღესაც შევიძინე ნანატრი ფოტოაპარატი და გადავწყვიტე, გავმხდარიყავი ფოტოგრაფი, რაც ჩემი დიდი ოცნება და ჰობი იყო. ერთ დროს ვერც კი წარმომედგინა, თუ მექნებოდა საკუთარი აპარატი, მაგრამ დღეს უკვე მეცამეტედ განვაახლე ჩემი ტექნიკა”.
როგორც ხელოვანი აღნიშნავს, ფოტოგრაფიული უნარები მხოლოდ საკუთარი მონდომებით გაიღრმავა. ამ მხრივ ის თვითნასწავლია და ძალიან ბევრი შრომა დასჭირდა, რათა პროფესიონალად ქცეულიყო.
“ვარ სრულიად თვითნასწავლი, ყველაფერი ჩემით შევისწავლე – ტექნიკური და თეორიული მხარეც, ასევე, ფოტოების დამუშავება, რომელსაც რამოდენიმე პროგრამის სიღრმისეული ცოდნა სჭირდება. ძალიან ბევრი მუშაობა დამჭირდა, რომ მოყვარულის დონიდან გავმხდარიყავი პროფესიონალი”.
გიორგი გვიყვება, როდიდან დაიწყო ანაზღაურებადი შეკვეთების მიღება, ასევე, რა მიმართულებითაა განსაკუთრებულად დაინტერესებული და სად არის, ამ ეტაპზე, დასაქმებული.
“18 წლიდან ოფიციალურად დავიწყე ჩემი საქმიანობა, დავიწყე ანაზღაურებადი შეკვეთების აღება. მოგეხსენებათ, ფოტოგრაფიას აქვს ძალიან ბევრი განხრა, მე ძალიან მიყვარს პორტრეტების გადაღება, ასევე, საქორწილო ფოტოსესიები (ძირითადად, ამ მიმართულებით ვარ დაკავებული შაბათ-კვირას).
წყვილთან მუშაობა ჩემთვის ძალიან დიდ სიამოვნებასთან ასოცირდება. ყველაზე დიდი ბედნიერება კი ის არის, ძალიან რომ მოეწონებათ შენი გადაღებული ფოტოები და მადლიერები რჩებიან შენი მომსახურებით. რაც შეეხება ჩემს ამჟამინდელ სამსახურს, ბოლო ორი წელიწადია, დასაქმებული ვარ კომპანია „ავერსი-ფარმა“-ში, ჩემი პროფესიით, სადაც მევალება ფოტოების გადაღება კომპანიის სხვადასხვა საჭიროებისთვის, ჩემი საქმიანობის ძირითადი ნაწილი კი გახლავთ „ჟურნალი ავერსი“ -ს ფოტოებით გაფორმება. მოკლედ რომ ვთქვათ, ფოტოგრაფია ჩემთვის პროფესიად ქცეული ჰობია, რომელიც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა”.