“მნიშვნელოვანია, რომ მონიტორინგი – ავტომობილის გამართვასთან დაკავშირებით მოხდეს ცენტრების გარეთ. ამისთვის საჭიროა კამერები. საქართველოში არ არსებობს სპეციალური უწყება, რომელიც ავტომობილს შეამოწმებს. ამიტომ, ალბათ, კამერები არის ერთერთი მეთოდი, რომლის საშუალებითაც მანქანა გაივლის ტექნიკურ შემოწმებას”, – ამის შესახებ ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტმა, გელა კვაშილავამ “თბილისი თაიმსთან” “ჭკვიანი კამერების” ეფექტურობის შესახებ საუბრისას განაცხადა.
“ასევე, შესაძლებელია იმის გაზომვა, რამდენად დიდია გამონაბოლქვი. ეს უკანასკნელი ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან ჩვენს ქვეყანაში ავტომობილების ძალიან დიდი ნაწილი ოც წელს ზემოთაა. ამის გამო, უნდა არსებობდეს კონტროლის სისტემა, რომელიც ტექინსპექტირების პროცესს ხელს შეუწყობს. ასე მძღოლები უფრო აქტიურად მოაწესრიგებენ საკუთარ მანქანებს.
“ჭკვიანი კამერების” პროგრამა დაიწყო რამდენიმე წლის წინ და ეს კარგი ინიციატივა იყო. მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება განვითარება. ეს უნდა იყოს ერთიანი ქსელი, მოქმედებდეს ურბანულ ზონებშიც, საერთაშორისო გზებზე, მეორად გზებზე… ამიტომ, ეს პროგრამა საჭიროებს განახლებასა და მომავალი წლებისთვის გასაკეთებელი საქმეების დაგეგმვას”, – განაცხადა გელა კვაშილავამ.