“ძალიან მნიშვნელოვანია, დავიცვათ ჰიგიენური ნორმები. განსაკუთრებით საყურადღებოა ქრონიკული პათოლოგიების მქონე ადამიანები, რომელთა მდგომარეობაც, ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა, გართულდეს ვირუსის ფონზე. მობილობა ახლა ძალიან მაღალია და კიდევ უფრო გაიზრდება. ამიტომ, თუ რაიმე სიმპტომი აღგვენიშნება, ჯობს, სანამ ისინი ალაგდება და გამოჯანმრთელდებით, იყოთ იზოლაციაში”, – ამის შესახებ „თბილისი თაიმსს“ პროფესორი, ექიმი-თერაპევტი, მაკა ბულეიშვილი ესაუბრა.
ბულეიშვილმა ქვეყანაში გავრცელებული ვირუსების შესახებ ისაუბრა და შესაბამისი რეკომენდაციები გააჟღერა.
“ამ ეტაპზე, საწოლფონდის მხრივ, მდგომარეობა ნორმალურია. ქრონიკული პათოლოგიების მქონე ადამიანებს დასნებოვნებიდან მეორე დღესვე უნდა ჰქონდეთ კონტაქტი ოჯახის ექიმთან, რომ არ გამწვავდეს დაავადება. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, თავი ავარიდოთ გადაადგილებას და ვიყოთ კონტაქტზე ოჯახის ექიმებთან. ასევე, უფრო მეტი ყურადღება მართებთ ოჯახებს, სადაც ბავშვები არიან.
არ არის აუცილებელი მოსახლეობაში ზედმეტი შეშფოთება. ვიცით, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე ავადმყოფობა მაღალი ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობს. თუკი ყურადღებით იქნებით, ეს პერიოდი გაცილებით მშვიდად ჩაივლის. ახლა ერთდროულად რამდენიმე ვირუსი მუსირებს. ამავე დროს, არის კორონავირუსიც. მისი მაჩვენებლი არ არის იმდენად მაღალი. ვირუსების დიფერენცირება რთულია, რადგან ისინი თითქმის ერთნაირი სიმპტომებით მიმდინარეობს. ბოლო პერიოდში პაციენტებს აღენიშნებათ კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი, ხველა, მაღალი ტემპერატურა, ძლიერი საერთო სისუსტე, ცხვირიდან გამონადენი. არის ასევე ახალი სიმპტომი – ღებინება”, – განაცხადა პროფესორმა.
როგორც მაკა ბულეიშვილმა აღნიშნა, განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ორსულ და მეძუძურ ქალებს. ასევე, მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართა რეკომენდაციით, ჩაიტაროს შესაბამისი ვაქცინაცია.