ჩვეულებრივ, მშობლებს აქვთ სურვილი, საკუთარმა მცირეწლოვანმა შვილმა სხვადასხვა მიმართულებით გამოსცადოს თავი და იპოვოს ის დარგი, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობს. ზოგიერთი ბავშვი მაშინვე გამოიჩენს-ხოლმე თავს, ზოგი წლების შემდგომ უბრუნდება ოდესღაც დაწყებულს, სხვები კი სულ სხვა მიმართულებით განაგრძობენ საკუთარი კარიერის შექმნას. მათ შორის არიან თვითნასწავლი ხელოვანები.

სოფო მოსემღვდლიშვილი თელავში დაიბადა. ის 15 წლისაა. სკოლაში სწავლის პარალელურად, ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით არის დაინტერესებული. ჩვენი ყურადღება მის მიერ დამზადებულმა ხელნაკეთმა ბოთლებმა დაიმსახურა, რომლებიც საახალწლოდ, აუცილებლად, ნებისმიერს შეუქმნის სადღესასწაულო განწყობას. საკუთარი ყოველდღიურობის, ინტერესებისა და სამომავლო გეგმების შესახებ, სოფო „თბილისი თაიმსს“ ესაუბრა.

სწავლასთან ერთად, ვარ ხატვით დაკავებული. სამი თვეა, რაც დავდივარ ზაალ სულაკაურის სამხატრო სახელოსნოში, თუმცა, სამი წლის ასაკიდან ვხატავ და ვარ თვითნასწავლი. ნახატებთან ერთად, ვაკეთებ საახალწლოდ დეკორატიულ ნივთებს უკვე რამდენიმე წელია. წელს ამ ბოთლებზე მივიღე შეკვეთებიც და ვაკეთებ რეალიზაციას, ვიღებ უამრავ მოწონებას, რაც ძალიან მახარებს. ვცდილობ, ჩემი ნამუშევრები იყოს ყველასგან განსხვავებული.

სოფო იმ გარემოს შესახებ გვიამბობს, რომელშიც ის ნამუშევრებს ქმნის. აღნიშნავს, რომ მისთვის სამუშაო ადგილი საკუთარი ოთახია, სადაც ბევრი ფოტო, პოსტერი და ნახატია.

ჩემი სამუშაო ადგილი არის ჩემი ოთახი, სადაც მაქვს უამრავი პოსტერი, ნახატი, ბავშვობის ფოტოები და ფერადი გრაფიტული წარწერები, რომლებიც ყოველივე შეხედვაზე მაძლევს ახალ-ახალ იდეებს ახალი ნახატებისთვის. ჩემი ოთახი ლურჯია, მიუხედავად იმასა, რომ საყვარელი ფერი ჩემთვის წითელია. ჩემთვის ლურჯი გონებას ამშვიდებს და აძლევს ტვინს იმის ფიქრის საშუალებას, რომ მარტივად წარმოვიდგინო მომავალი ნახატი, მასზე არსებული ნახატები კი მაფიქრებს იმაზე, თუ როგორ შევცვლიდი თითოეულს, ახლიდან რომ ვხატავდე… შემდეგ ყველა იდეას ვიჭერ (თუნდაც დაულაგებლად). მაგრამ როდესაც ფურცელს ან ტილოს ვიღებ, რატომღაც, ავტომატურად ვიცი, რაც უნდა დავხატო. ზოგჯერ დეტალები პროცესში მოდის, მაგალითად, ხშირად ვამატებ პროცესის დროს განცდილ გრძნობებს ნახატზე (ზოგ ნახატს დღეები ვუნდები და ყოველ დღე სხვადასხვა გრძნობას უკავშირდება). ამიტომ, ხშირად ვამატებ დეტალებს. ჩემი სამუშაო გარემო მაქსიმალურად მიქმნის იმ აურას და სიმყუდროვეს, რომელიც ტვინში იწვევს ქაოსს და, ჩემი აზრით, მხატვრის ტვინში ყოველთვის ქაოსი უნდა იყოს.

საკუთარ სამომავლო გეგმებზე საუბრისას, სოფო აღნიშნავს, რომ ეცდება, მხატვრობა და მსახიობობა მის ცხოვრებაში შეთავსებადი იყოს.

მსახიობობა ჩემი ოცნების პროფესიაა და ყველანაირად ვეცდები, რომ როგორც მხატვრობას, ისე მსახიობობას დავუდო საფუძველი ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ არ დავკარგავ მხატვრულ ნიჭს და, რა თქმა უნდა, ჩემს მომავალს ჩემი საღებავებით და ფუნჯებით ვხედავ