მიმდინარე წლიდან ცივი იარაღის ტარებაზე სანქციები მკაცრდება. 1-ელი იანვირდან ამოქმედებას იწყებს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და ასევე, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები.
კანონის თანახმად, ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება 200 ლარით დაჯარიმების ნაცვლად 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებასა და ცივი იარაღის კონფისკაციას გამოიწვევს. აღნიშნული ქმედების განმეორებითი ჩადენა გამოიწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად.
კანონით დაკონკრეტებულია, რომ კანონი არ გავრცელდება პირზე, რომელიც ცივ იარაღს ატარებს პირადი ჰიგიენის მოწესრიგების, საკვების მომზადების ან მიღების მიზნით, პროფესიული საქმიანობისთვის, ნადირობის, თევზაობის ან მცენარეული პროდუქციის შეგროვების, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან მესაქონლეობის განხორციელების მიზნით. ასევე, იმ დროს, როდესაც აცვია ეროვნული ტანსაცმელი და ცივი იარაღი ამ ტანსაცმლის ნაწილია.