დროებით ოკუპირებულ აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებულ ძალებში ფართომასშტაბური “წვრთნები დაიწყო” – ინფორმაციას ამის შესახებ რუსული TACC ავრცელებს და წერს, რომ ეყრდნობა დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის გავრცელებულ ცნობას.
„აფხაზეთის შეიარაღებულ ძალებში ფართომასშტაბური წვრთნები დაიწყო სამხედრო სამეთაურო-საკონტროლო ორგანოებისა და ჯარების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებით… წვრთნების მთავარი მიზანი შტაბისა და ჯარების მზადყოფნის, დონის ამაღლებაა. მათი კოორდინაცია მოულოდნელად წამოჭრილი ამოცანების გადაჭრაში…შტაბისა და ჯარების წვრთნა მიმდინარეობს აფხაზეთისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთობლივი საბრძოლო მომზადების გეგმის შესაბამისად“, – ნათქვამია ანგარიშში.
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყველა ეტაპზე შემუშავდება “რთული სასწავლო ამოცანები, რაც შეიძლება ახლოს რეალურთან, მუდმივად განვითარებად ოპერატიულ რეჟიმში”.
რუსული მედია წერს, რომ ე.წ. წვრთნებში სხვადასხვა ეტაპზე მონაწილეობას მიიღებენ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებიც.