ბავშვობაში ყველას გვიოცნებია და დაგვისახავს გეგმები, რომლებიც საბოლოოდ, ან შეგვისრულებია ან, უბრალოდ, სულ ცოტახანში დაგვვიწყებია კიდეც. ზოგიერთი მიზანი კი დროთა განმავლობაში სულ უფრო საინტერესო გამხდარა, ის კი – რაც მიუღწეველი გვეგონა, განხორციელებულა. ქეთევან ლაზარაშვილი გამომცემლობა “მინიატურას” დამფუძნებელი და დირექტორია. მიზანი, რომელიც მან სისრულეში მოიყვანა, სწორედაც რომ მისი ბავშვობიდან იღებს სათავეს. ამ ფაქტს აქვს საკუთარი ისტორია, რომელიც შესაძლოა, ბევრისთვის ინსპირაციის წყაროც კი აღმოჩნდეს. ქეთევანი “თბილისი თაიმსს” უყვება, რამ განაპირობა მისი ინტერესი მინიატურული წიგნების შექმნასთან დაკავშირებით, რა იყო პირველი ნამუშევარი და რა შედეგს მიაღწია მან.

თავდაპირველად, გვიამბეთ – როგორ გაჩნდა მინიატურული წიგნების შექმნის იდეა?
მინიატურული წიგნების შექმნის იდეა გაჩნდა წიგნების სიყვარულის და ღრმა ბავშვობაში წიგნის თაროზე აღმოჩენილი მინიატურული წიგნით გამოწვეული ემოციის შედეგად, რომლის ზომა ამ გადასახედიდან არც ისე პატარა იყო – 10/ 8 სმ -ზე, მაგრამ ჩემთვის იმ დროისთვის ყველაზე პატარა წიგნი, რაც კი მინახავს. ეს შთაბეჭდილება იმდენად ღრმა იყო, რომ მოსვენება არ მომცა რამდენიმე ათეული წლის მანძილზე, რაც ვერც წარჩინებულმა სტუდენტობამ და ვერც სამეცნიერო საქმიანობამ ვერ გადაწონა. ეს იყო ის ოცნება, რომელიც შეუძლებელი იყო – ახდენილიყო, გამუდმებით მეფიქრებოდა და მაწუხებდა, რაც საბოლოოდ ამიხდა , მაგრამ ძნელი ასასრულებელი აღმოჩნდა, რადგან სახელმძღვანელო არ არსებობდა. საბოლოოდ, დავკეცე ქაღალდი და შევკერე, გამოვიდა, მაგრამ, როგორ დაგვესვა ტექსტი, დაგვეცვა გვერდების არე და არ ყოფილიყო არავითარი განსხვავება დიდ და პატარა წიგნს შორის, ზომის გარდა, ეს ძნელი აღმოჩნდა. ამასაც რამდენიმე თვე მოვანდომეთ და, საბოლოოდ, ჩემმა მეუღლემ შეძლო კომპიუტერში სრულფასოვანი მინიატურული წიგნის შექმნა, თავადვე მოიფიქრა წყობის და კერვის საკუთარი მეთოდი. გვეგონა – გავედით ფინალში, მაგრამ წინ კიდევ რამდენიმე ურთულესი ეტაპი გველოდა, წიგნის სწორად დაჭრის, რაც ხელით ურთულესია, მაგარ ყდაში ჩასმის და შეკერვის, რომლის გადალახვასაც მოყვა შეფუთვაზე ფიქრი. ყოველი დაძლეული ეტაპი აჩენდა მომდევნო, უფრო რთულად შესასრულებელ ეტაპს, მაგრამ თავის დანებება არც გვიფიქრია, რადგან რამდენიმე ურთულესი წელი, რომელიც ამ საქმეს შევალიეთ, გვენანებოდა დასაკარგად.

როგორი გამოხმაურება მოჰყვა თქვენს ამ ნაბიჯს?
საოცარი გამოხმაურება მოყვა ჩვენს პირველ გამოცემას, ეს იყო „თბილისის დაბადება“, 4/4 სმ-ზე, რომელიც 2006 წელს გამოვეცით. ყველაზე დიდი, შეუფასებელი და წარმოუდგენლად დიდი წარმატება კი იყო ხელშეუხებელ ფონდში ჩვენი წიგნების დაცვა, რომელიც განთავსებულია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ეს არის, დიდ პატივსა და აღიარებასთან ერთად, უდიდესი პასუხისმგებლობა. დიდი მადლობა ყველას, ვისაც მიაჩნია, რომ ჩვენ ვაგრძელებთ და ვქმნით ქართული, ხელნაკეთი მინიატურული წიგნის ისტორიას.

დღემდე, რა რაოდენობის წიგნი გაქვთ გამოცემული და რა უახლოესი გეგმა გაქვთ?
დღემდე გამოცემული გვაქვს 50-მდე დასახელების წიგნი. მათ შორის ყველაზე პოპულარულია, რაც მოსალოდნელიც იყო, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“. გვაქვს რამდენიმე ზომის გამოცემა, 5/7, 4/5, 3.7/3.5 და ყველაზე პატარა 2.6/2.2, რომელიც მალე გამოვა. ასევე, დიდი მოწონებით სარგებლობს თვლებით შემკული მინიატურული გამოცემები „ვეფხისტყაოსანი“, „სახარება“ და „ბიბლია“, რომელიც გაჩნდა ერთი წლის წინ, შესანიშნავ დიზაინერთან, ნატალია კლდიაშვილთან ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად.

ხელოვანი, ნატალია კლდიაშვილი მინიატურული “ვეფხისტყაოსნის” დიზაინზე გვესაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ეს ნამუშევარი შედგება ვერცხლისგან, მოოქროვილი-მოვერცხლილი დეტალებისა და ბუნებრივი ქვებისგან, რომელთა უმეტესობა ნაწარმოებშია ნახსენები.
“პირველი კოლექცია იყო ხმის ვიზუალუზაცია, რაც დავიწყე ნიუ იორკში. ეს იყო საოცარი სამუშაო, რის მერეც მომინდა სიტყვის ვიზუალუზაციის შექმნა და “ვეფხისტყაოსანზე” საოცარს ვერაფერს გავაკეთებდი. დიდი პასუხისმგებლობაა და გამოწვევა ჩემთვის. ინსპირაციაც ეგ იყო – ამ კოსმიური წერილის ფერებად გადმოცემა. არცერთი ეგზემპლარი არ მეორდება და ყოველ ჯერზე ერთმანეთზე უკეთესი გამოდის”.