ადამიანს, რომელსაც ამ მასალიდან გაიცნობთ, ცხოვრების არცთუ ისე მცირე ნაწილი ემიგრაციაში აქვს გატარებული. ათეულზე მეტი წლის მანძილზე, ის არაერთხელ დაბრუნდა საბერძნეთიდან სამშობლოში, ახლა კი იმედოვნებს, რომ საქართველოში სამუდამოდ დარჩება და იმ საქმიანობას განაგრძობს, რომელიც მისთვის ბედნიერების მომტანია.
ლორენა ჩიჯავაძე ბავშვობიდან იყო დაინტერესებული კულინარიით. აღდგომის დღესასწაულის ფარგლებში, მან რეალიზაციისთვის მოამზადა შოკოლადის კვერცხები, რისთვისაც ბელგიური შოკოლადი გამოიყენა. სამშობლოში დაბრუნებისა და უახლოესი გეგმების შესახებ, ლორენა „თბილისი თაიმსს“ ესაუბრა
„15 წლის მანძილზე ვიმყოფებოდი საბერძნეთში, ქალაქ ათენში. ბავშვობიდან ყოველთვის მქონდა ინტერესი კულინარიისა და კონდიტერიის მიმართ, არც საბერძნეთში ყოფნის დროს დამვიწყებია ეს საქმე, ჩემი ოჯახები ყოველთვის აღფრთოვანებას გამოხატავდნენ ჩემს ნახელავზე.
ყოველთვის ვეძებდი, ვაგროვებდი ხელსაწყოებს, წიგნებს და ვფიქრობდი, რომ საქართველოში ჩასვლის შემდეგ გამომადგებოდა. ამჟამად, თემატური გახლდათ სააღდგომო შოკოლადის კვერცხები, რომელსაც ბელგიური შოკოლადით ვამზადებ და შემდეგ ვაფორმებ.საბერძნეთში სააღდგომოდ არ არსებობს ოჯახი, სადაც ამას ვერ შეხვდებით და მაღაზიებიც სავსეა ასეთი ნაკეთობებით.“
ლორენა ხაზს უსვამს, როგორი გამოხმაურება მოჰყვა მის იდეას და აღნიშნავს, რომ საქართველოში სამუდამოდ დარჩენის სურვილი აქვს.
„სამწუხაროდ, დიდი გამოხმაურება არ მოჰყვა, ზოგი ფასს იწუნებდა, მაგრამ საკმაოდ ბიუჯეტურ ფასად არის, ვიდრე შრომა უწევს. ზოგიც მხოლოდ ლამაზი შეფასებით შემოიფარგლებოდა, ასე თუ ისე – მაინც იყიდებოდა.
რამდენჯერმე ვიყავი საქართველოში ჩამოსული და ისევ უკან მომიწია დაბრუნება. იმედი მაქვს, ამჟამად საბოლოოდ დავრჩები ჩემს ქვეყანაში და გავაგრძელებ ჩემს საყვარელ საქმეს, რაც ასეთ დიდ ბედნიერებას მანიჭებს“.