ხელოვნების არაერთ, ჩვენთვის ცნობილ მიმდინარეობასთან ერთად, არსებობს მიმართულებები, რომლებიც ჩვენთვის სხვადასხვა დროის აღმოჩენაა. ისინი გვაოცებენ, გვაკვირვებენ და საკუთარი საინტერესო ისტორიებით გვნუსხავენ. ერთერთი ასეთი ძალიან შრომატევადი, გამორჩეული და ნაკლებად ცნობილი საქმიანობა გახლავთ კვერცხის ნაჭუჭზე გრავირება, რომელიც გიორგი შოვნაძისთვის ყოველდღიური, სასიამოვნო საქმიანობაა. გიორგის აქვს საკუთარი ამბავი, თუ როგორ დაინტერესდა ამ მხრივ, როგორ მიიღო შესაბამისი ცოდნა და, ამ კუთხით, რა გეგმები აქვს. ხელოვანი „თბილისი თაიმსს“ ესაუბრა.

„ჩემს პატარაობაში გამოწერილი მქონდა ჟურნალები, სადაც იბეჭდებოდა, მათ შორის, გასართობი სტატიები. ერთერთ გამოცემაში ერთი გვერდი ჰქონდა დათმობილი სურათებს, რომლებზეც მოხუცი ჩინელი ტვიფრავდა კვერცხის ნაჭუჭებზე. ამას თან ახლდა შესაბამისი ისტორია. როგორც ცნობილია, კვერცხებს ძველად ჩუქნიდნენ ქორწილებში, დაბადების დღეებზე და გახლდათ სიცოცხლის, დოვლათის სიმბოლო. ამ ყველაფერმა მე ძალიან მომხიბლა და გადავწყვიტე, მეცადა. თავდაპირველად, მიფუჭდებოდა. რამდენიმე მცდელობის შემდგომ, დავხვეწე. ამ ყველაფერს მე ვერავინ მასწავლიდა, ამიტომ, მე თვითონ ვისწავლე. ეს არის ჩემს ცდებსა და შეცდომებზე წარმოქმნილი ჩემივე ხელოვნება“.

გიორგი გვესაუბრა, როგორი დაინტერესება აქვს მის ნამუშევრებს. როგორც ის აღნიშნავს, გარდა იმისა, რომ მათ ყიდის, დიდი ნაწილი გაჩუქებულიც აქვს.
„როდესაც წლების განმავლობაში მსგავს საქმეს მისდევ, გარკვეულ წრეებში ცნობილი ადამიანი ხდები. აქედან გამომდინარე, მე უკვე მაქვს ადამიანთა წრე, რომლებიც სისტემატურად იძენენ ჩემს ნამუშევრებს. ძალიან ბევრი მათგანი მაქვს გაჩუქებული. მეტნაკლებად, სოციალური ქსელებითაც ვახდენ ადამიანების ინფორმირებას. მე ამ საქმეში ვპოულობ სულიერ სიმშვიდეს. ამ ყველაფერს ვაკეთებ სულითა და გულით. მაქვს კონტაქტები იმ პიროვნებებთან, ვინც დაინტერესებულბი არიან ჩემი საქმიანობით“.

ხელოვანი ამბობს, რომ ქათმის კვერცხის ნაჭუჭზე მუშაობს, რაც, იქედან გამომდინარე, რომ თხელია, ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული.
„მეტწილად ვცდილობ, ვიყო ორიგინალური. მსოფლიოში ძალიან ცოტა ადამიანია, რომელიც ჩემ მსგავსად აკეთებს გრავირებას. მე წარმოვადგენ მათ იმ იშვიათად შემთხვევას, რომლებიც ქათმის კვერცხებზე მუშაობენ. ეს დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. უცხოეთში, ძირითადად, იყენებენ ბატის, ინდაურის, სირაქლემას კვერცხებს.
თემატიკას რაც შეეხება – ჩემთვის ეს გახლავთ ყველაფერი ქართული და ქრისტიანული. ჩემს თითოეულ ნამუშევარს აქვს საკუთარი დანიშნულება“.

როგორც გიორგი აღნიშნავს, მისთვის ამ სფეროში ყველაზე დიდი მიგნება გახლავთ ფილიგრამი – აქ იგულისხმება კვერცხის ნაჭუჭზე მუშაობისას მაქმანისმაგვარი, ჩახუჭუჭებული დეტალიცაზია.
„თბილისის მერიის სამსახურის მიერ გამოცხადებული ტენდერის მოგების შემთხვევაში, მე და ჩემს ქალიშვილს გვინდოდა საქველმოქმედო შეხვედრის ჩატარება. ამ ეტაპზე, მე არ მაქვს არც უფლება და არც დრო, რომ მოზარდებს ვასწავლო. გარდა ამისა, ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, როგორც საგვარეულო ცოდნა, ისე გადავცე ეს ყველაფერი ჩემს შთამომავლობას“, – ამბობს გიორგი შოვნაძე „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას.