სადა, განსხვავებული, ემოციური და ყველასთვის სასურველი – ეს გახლავთ იმ მახასიათებლების მცირე ჩამონათვალი, რომელიც ზუსტად მიესადაგება Aesthe & Mi . ესთე & მი-ს მიერ შექმნილ ნამუშევრებს. თითოეული მათგანი ინდივიდუალურია, იქმნება თიხისგან და, სხვადასხვა ეტაპის გავლის შემდგომ, ძალიან დახვეწილი ჭურჭელი მიიღება.

საკუთარ ხელნაკეთ ნამუშევრებზე, სამუშაო პროცესსა და სხვა უნარებზე, „თბილისი თაიმსს“ მარიამ კაპანაძე ესაუბრა.

‘‘მე თიხაზე ვმუშაობ და ხელით ვძერწავ. ვაკეთებ ხელნაკეთ კერამიკის ჭურჭელს. ყველა მათგანი ინდივიდუალური და ერთადერთია.
ნამუშევრებს ვქმნი თეთრი თიხისგან. იმისთვის, რომ საბოლოო სახე მიიღოს ნამუშევარმა, უამრავ ეტაპს გადის. თავდაპირველად, ვძერწავ და შემდეგ ვაშრობ. შემდეგ უნდა გამოიწვას, მოიხატოს, მოჭიქურდეს და ისევ გამოიწვას“.

მარიამი საუბრობს, თუ რით არის სხვებისგან გამორჩეული მის მიერ შექმნილი ნივთები. ის მათ უპირატესობებს უსვამს ხაზს.

„პირველ ყოვლისა, ხელნაკეთია. თითოეულ ნაკეთობაში სულს ვდებ და ვცდილობ, გარკვეული ემოცია გავატანო მას მყიდველთან. ეს სული ყველა პატარა დეტალში იგრძნობა, ასე მგონია. ყოველთვის ვამბობ, რომ ვყიდი არა ნივთს, არამედ – ემოციას. ვფიქრობ, ეს არის მთავარი უპირატესობა.
ხელოვნება ძალიან მიყვარს და ბევრ რამესთან მქონია შეხება, თუმცა ასე თამამად ვერ ვიტყოდი, რომ გამოცდილება მქონია. ძალიან მიყვარს ქარგვა და შემიქმნია დიდი ნამუშევრებიც“.