ჩვენი გარემო და ყოველდღიურობა გვაძლევს ბიძგებს, ავირჩიოთ საყვარელი საქმიანობა და მივყვეთ მას. სწორედ ასე იწყება ქეთევან ბოლქვაძის პროფესიული ისტორია, რომელიც რძის პროდუქტების საწარმოს შექმნასა და მის შემდგომ განვითარებასთან არის დაკავშირებული. ამ მხრივ ქეთევანის ინტერესი ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკიდან იწყება. ამ დროს მის ოჯახს საწარმოს შექმნაზე არც უფიქრია. თუმცა, ამის საჭიროება ნელ-ნელა დადგა და იდეა წარმატებული აღმოჩნდა – საწარმო არაერთი სახის რძის პროდუქტს აწარმოებს. საკუთარ მიზნებზე, საყვარელ საქმიანობასა და გეგმებზე ქეთევან ბოლქვაძე „თბილისი თაიმსს“ ესაუბრა.

როგორ დაიწყეთ საქმიანობა?
დაახლოებით, 10 წლის ვიქნებოდი, როცა მამამ წამოიწყო ეს საქმიანობა, თუმცა, არავის არ გვქონდა იმის ამბიცია, რომ საწარმო გვექნებოდა. უბრალოდ, ეს იყო ოჯახის ერთ-ერთი შემოსვლის წყარო, დროთა განმავლობაში მიყვარდებოდა ეს საქმე. როცა ჩემი თანატოლები ბურთს თამაშობდნენ, მე ყველის კეთების პროცესით ვიყავი დაკავებული, თუმცა, ეს საქმე სიამოვნებას მანიჭებდა, დროთა განმავლობაში მივხვდით, რომ საჭირო იყო, ჩვენი ფერმა გაგვეფართოებინა, საწარმოსთვის ოფიციალური სახე მიგვეცა და 2018 წელს უკვე დავიწყეთ ლიცენზირებული პროდუქციის წარმოება. დღემდე ვცდილობ, გავაფართოო ჩემი ბიზნესი და უფრო და უფრო კარგი ხარისხის პროდუქცია შევთავაზო ჩემს მომხმარებლებს, გასულ წელს არსებული ფერმაც გავაფართოეთ და დღეს უკვე პატარა ფერმერიც ვარ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ვერ მივაღწევდი, რომ არა ჩემი ოჯახი, მათი გვერდში დგომა და ის სტიმული, რომ თუ ვისწავლიდი და სიყვარულით მივუდგებოდი საქმეს, ყველაფერი გამომივიდოდა.

ამ ყველაფერს ვისთან ერთად უძღვებით?
ფიზიკურად შეუძლებელია, საწარმოს და ფერმას მარტო გაუძღვე, მით უმეტეს მაშინ, როცა განვითარების ეტაპზე ხარ და თითოეული დეტალი მნიშვნელოვანია, ჩემ გვერდით დგას ჩემი ოჯახი, რომელიც მეხმარება და ნებისმიერ დროსა და საკითხში მხარს მიჭერს.

როგორ შეაფასებთ – გაამართლა თქვენმა იდეამ?
დიახ, თუ არ ჩავთვლით იმ პრობლემებს, რასაც გზა და გზა ვაწყდები, საკმაოდ რთულია – იყო მეწარმე და პასუხისმგებლობას იღებდე შენს ნაწარმზე – რომელიც უნდა იყოს სასარგებლო, ჯანსაღი და ხელმისაწვდომი. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ყველფერი ღირს და ეტაპობრივად მივალ საბოლოო მიზნამდე.

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის სიახლეები – ხშირად სთავაზობთ მომხმარებლებს მათ?
მრავალფეროვნება და სიახლეები ჩემთვის ენერგიის წყაროა, იმდენად მიყვარს ახალ-ახალი რაღაცეების დატესტვა, შექმნა – რომ ეს ყველფერი სიხარულს მანიჭებს. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილიც კია წარმოებაში – არ უნდა მოდუნდე, მუდმივად უნდა ვითარდებოდე. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აჭარული ტრადიციული “ყურუთის” წარმოება. ძალიან დიდი დრო და ენერგია დამჭირდა, რომ დამეტესტა და ძველი ტრადიცია გამეცოცხლებინა. შარშან ზაფხულს უნდა დამეწყო წარმოება, თუმცა, დაფინანსება ვერ მოვიპოვე და, სამწუხაროდ, ფინანსები არ მეყო. ამიტომ, დროებით შევაჩერე, თუმცა, დღესაც აქტიურდ ვცდილობ, რომელიმე პროექტით მოვიპოვო დაფინანსება, რომ ჩემს ოცნებას ფრთები ბოლომდე შევასხა.
