როგორც არაერთხელ გვსმენია, ხშირად ხდება, როდესაც ადამიანი საკუთარ პროფესიად, ცხოვრების ყოველდღიურობად ირჩევს საქმიანობას, რითაც მისი უახლოესი ოჯახის წევრია დაკავებული. ცხადია, ამ ყველაფერს განაპირობებს ის მოცულობა, რომელშიც, ამ შემთხვევაში, ხელოვანი იზრდება. ასეთივეა მოქანდაკე დავით ქაბზინაძის ისტორიაც. ის მამის შემოქმედებით ნაკვალევს გაჰყვა და ათეულ წელზე მეტია, ბრინჯაოსა და ქვისგან საოცარ ნამუშევრებს ქმნის. ხელოვანი „თბილისი თაიმსს“ ესაუბრა.
რამ განაპირობა თქვენი ინტერესი ქანდაკებების შექმნის მიმართ?
მამა მყავს მოქანდაკე. მე თვითონ ბავშვობიდან ვხატავ და შემდეგ უკვე თავადაც გამიჩნდა სურვილი, მოქანდაკე გავმხდარიყავი. მამაჩემი მშრალ ხიდზე ყიდდა საკუთარ ქანდაკებებს. რადგან ეს მიმართულება მქონდა დამთავრებული, მეც გადავწყვიტე – ქანდაკებები მეკეთებინა და ასე დავიწყე. უკვე 12-13 წელია, ქანდაკებებს ვაკეთებ.
ამ მხრივ, განათლება სად მიიღეთ?
სკოლის შემდგომ, ჩავაბარე იაკობ ნიკოლაძის სახელობის სასწავლებელში. ქანდაკების ფაკულტეტზე. აქ ოთხი წლის მანძილზე ვისწავლე. შემდეგ ჩავაბარე აკადემიაში. თუმცა, დიპლომი აღარ ამიღია, რადგან ავიღე აკადემიური და წავედი სამების ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობის მისაღებად, რადგან მქონოდა ქვასთან შეხება. ძირითადად, ქვის პრაქტიკა სწორედ აქ, სამების მშენებლობისას გავიარე. შემდგომ, 10-15 წლის განმავლობაში ეკლესიებზე ვიმუშავე.
საინტერესოა, ძირითადად, რა თემატიკაზე მუშაობთ?
ვეძებ რიყის ქვას და, თუ მასში რაიმე ქანდაკებას დავინახავ, თემაც აქედან გამომდინარე ჩნდება. მაგალითად, საკმაოდ ხშირად ვაკეთებ ფეხმძიმე ქალებს. გარდა ამისა, ვამზადებ შეკვეთებსაც.
ამ ეტაპზე, როგორ ახდენთ თქვენი ნამუშევრების რეალიზებას?
პანდემიამდე, ვიდექი ხოლმე მშრალ ხიდზე. შემდგომ გადავედი ონლაინ გაყიდვებზე, რაშიც „ფეისბუქ“ ჯგუფებს ვიყენევ და მადლობა მათ შემქმნელებს. ჩემი ბევრი ნამუშევარია საზღვარგარეთ.