თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სამ მეტროსადგურში – “ახმეტელის თეატრში”, “ვარკეთილსა” და “დიდუბეში” ახალი, ვიწრო ტურნიკეტები დაიდგმება. მერის თქმით, შესაბამისი ხელშეკრულება კომპანია “ქართულ მიკროელექტრონიკასთან” უკვე გაფორმებულია.
“ეს ტურნიკეტები უფრო ვიწროა, რაც მათი მეტი რაოდენობის დადგმის შესაძლებლობას მოგვცემს. აღნიშნული პროექტი განხორციელდება სამ მეტროსადგურში – „ახმეტელის თეატრი“, „ვარკეთილი“ და „დიდუბე“. შესაბამის ტურნიკეტებს მოგვაწვდის კომპანია „ქართული მიკროელექტრონიკა“. მასთან უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მერის თქმით, მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრში” ტურნიკეტების რაოდენობა უკვე გაიზრდა, რამაც მგზავრთა გამტარუნარიანობა გააუმჯობესა. კალაძემ თქვა, რომ დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ მეტროსადგურს ერთ საათში 6 300 მგზავრის მიღების ნაცვლად, 9 000-მდე მგზავრის გატარება შეუძლია.
“ჩვენ გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ გადავდგამდით კონკრეტულ ნაბიჯებს. პირველი იყო მოკლევადიანი – ტურნიკეტების დამატება, რაც უკვე გაკეთებულია – 7 გასასვლელის ნაცვლად მოეწყო 10 გასასვლელი, რამაც გაზარდა გამტარუნარიანობა. ერთ საათში, 6 300 მგზავრის მიღების ნაცვლად, 9000- მდე მგზავრის გატარებაა შესაძლებელი”, – თქვა კალაძემ.
მისი თქმით, დაწყებული აქვთ მუშაობა აზიის განვითარების ბანკთან, რათა ახალი, დამხმარე ასასვლელ-ჩამოსასვლელის პროექტი განხორციელდეს.
ფოტო: Lob Pony