ადამიანი გაცილებით საინტერესოა მაშინ, როცა მისი იდეები და მიზნები უსაზღვროა და ის წინსვლისთვის მაქსიმუმს აკეთებს. ცხადია, თავის მხრივ, ნებისმიერი ხელოვანი გამორჩეულია – მათ აქვთ საკუთარი ხელწერა და ის ხაზი, რომელიც მათ სხვებისგან გამოარჩევს. და რა ხდება მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს შემოქმედის მიერ ახალი მიმდინარეობის, ტექნიკის აღმოჩენასთან? სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება თამუნა საჯაია. ის ფერწერაში დაფხვნილ მარმარილოს იყენებს. გარდა ამისა, პროფესიული თუ შემოქმედებითი განვითარებისთვის თავს არ ზოგავს და არაერთი სამომავლო გეგმა აქვს. დეტალებზე თამუნა „თბილისი თაიმსს“ ესაუბრა.

ნამუშევრებს რისგან ქმნით?
ფერწერაში დაფხვნილი მარმარილოს გამოყენების ინოვაციური ტექნიკა შევიმუშავე. ნამუშევრები საინტერესო და უჩვეულო ეფექტს ქმნის. მუშაობის პროცესს რამდენიმე ფაზად ვყოფ, თუმცა, ჩემი საყვარელი ნაწილი პალიტრაზე მუშაობაა. საბოლოოდ, შესრულებული ნახატი, ბარელიეფის ამოყვანისა და ფერთა გამის მიხედვით, 3D ეფექტს ქმნის. დაფხვნილი მარმარილოთი შესრულებული ბარელიეფური ნახატი თავისუფლად შეგვიძლია, ფასადისთვისაც გამოვიყენოთ, რადგან საღებავი და მასალა წყალგამძლეა, შესაბამისად, მასზე არც თოვლი მოქმედებს და არც წვიმა. მუდმივად ძიების პროცესში ვარ, ვეძებ ახალ მასალას, იდეას, შთაგონების ახალ წყაროს. ერთ-ერთი მორიგი იდეაც სწორედ მუშაობის პროცესში გაჩნდა. ვიფიქრე, ორიგინალური იქნებოდა ფერწერაში მდგრადი და წყალგამძლე მასალის გამოყენება და მივაკვლიე იდეას, რომელიც საბოლოოდ ჩემი ხელწერა გახდა.

ტექნოლოგიური თვალსაზრისით – რამდენად რთულია ეს მიმდინარეობა?
რთული პროცესია, საკმაოდ შრომატევადი. დაახლოებით, 5-10 დღე სჭირდება თითო ნაშრომს. თუმცა, დროის დიდი ნაწილი გაშრობას მიაქვს. ბარელიეფური ტექნიკა უხდება პეიზაჟებს, საქართველოს თითქმის ყველა კუთხე დავხატე, მაგრამ გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ მთავარი ინსპირაცია ჩემი ქალაქია, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ღამის თბილისში სეირნობა შთაგონებას მაძლევს და ჩემი პირველი გამოფენის ინსპირაციაც სწორედ თბილისი იყო. როგორც გითხარით, რთული სამუშაოა, თუმცა, ნახატებზე რთული შესასრულებელია დეკორატიული ქოთნები, რადგან წრიულად გიწევს მუშაობა.

აღნიშნული როგორ შეისწავლეთ?
ხელოვნებისა და ხატვისადმი ჩემი სიყვარული ღრმა ბავშვობიდან დაიწყო. ბაბუაჩემი თვითნასწავლი მხატვარი იყო, ჩვენს ოჯახში ხელოვნებას ყოველთვის დიდი როლი ეჭირა. ოპერის გვერდით ვცხოვრობდით, მჭიდრო კავშირი მქონდა რუსთაველის თეატრის მსახიობებთან, ოპერის მომღერლებთან, ხშირად ვსტუმრობდი კულტურულ ცენტრებს, მუზეუმებს, გამოფენებს, რამაც ხელოვნებისადმი სიყვარული გამიღვივა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემს ცხოვრებას ფერწერას დავუკავშირებდი და ჩემს შინაგან სამყაროს ნახატებში გავაცოცხლებდი. აკადემიაში სწავლისას ვმუშაობდი ბატიკაზე, გობელენსა და ხალიჩაზე. ყოველთვის უფრო მეტად ბატიკა და ხალიჩა მიყვარდა. წლების შემდეგ კი მივხვდი, რომ ყველაზე მეტად ფერწერაა ჩემი, თუმცა, როგორც ხელოვნებაზე შეყვარებული ადამიანი, მუდმივად სიახლის ძიებაში ვარ და ფერწერაშიც მინდოდა, ახალი, საკუთარი, ინოვაციური მეთოდი შემექმნა. საბოლოოდ, ჩემ მიერ შემუშავებული ტექნიკით შევქმენი ქოთნები, დეკორაციები და ნახატები. როგორც მოგახსენეთ, ეს იდეა ძიების პროცესში დაიბადა, მსურდა – რამე ძალიან გამძლე. თიხა და თაბაშირი არ იძლევა ასეთ ეფექტს და მარმარილომ მომცა. მარმარილო იმდენად მდგრადია, ძალიან დიდი ზეწოლა უნდა მოხდეს, რომ დაზიანდეს და სივრცულ ეფექტსაც მეტად ქმნის.

თქვენი ნამუშევრები უცხოურ ბაზარზე თუ გადის?
2017 წელს გამოფენა მქონდა თუმანიშვილის თეატრში, რომელიც ათ დღეს გაგრძელდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქართველი ხელოვანებისა და უცხოელ სტუმრებისგან, სწორედ ამიტომ, ტრენინგების ჩასატარებლად რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში მიმიწვიეს. ჩემი ნამუშევრები დაცულია საფრანგეთის, გერმანიისა და ამერიკის შეერთებული შტატების კერძო კოლექციებში. მინდა გითხრათ, რომ მქონდა ერთი პერსონალური გამოფენა, თუმცა, ჯგუფურ გამოფენებში არასდროს მიმიღია მონაწილეობა. ვფიქრობ, პერსონალური გამოფენა საინტერესო იყო… ვინაიდან ახალ ტექნიკას ვიყენებ, მაინტერესებდა, რა შთაბეჭდილებას მოახდენდა სტუმრებზე. მესიამოვნა დამსწრე საზოგადოების შთაბეჭდილებები.

როგორია მათ მიმართ ადგილობრივების ინტერესი?
გამოფენის შემდეგ, ბევრი მხატვარი და ხელოვანი დაინტერესდა ჩემი შემოქმედებით. როგორც აღვნიშნე, ჩავატარე ტრენინგები, სემინარები. მომავალში მეტ საინტერესო და მასშტაბურ პროექტს ვგეგმავ. ასევე, აქტიური ვარ სოციალურ ქსელში. მაქვს „ფეისბუქ“ გვერდი და „ინსტაგრამი“, სადაც აქტიურად ვაქვეყნებ ახალ ნამუშევრებს, სიახლეებს, ჩემს შემოქმედებას… დაინტერესება და თანადგომა დიდია. მიხარია რომ ხელოვნებისადმი სიყვარული კვლავ დიდია Tamuna Sajaia Art ასევე, ინსტაგრამზე

ხელოვნების სხვა მიმართულებებითაც თუ ხართ დაინტერესებული?
ჩემი ბოლოდროინდელი გატაცებაა თიხასა და თაბაშირზე მუშაობა. დეკორატიულ ნივთებს ვამზადებ და ვაფორმებ, მაგალითად, ზარდახშას, თიხის ნივთებს, თუმცა, ყოველთვის ვცდილობ, ნამუშევარი სრულიად თავად შევქმნა. ახლა ბაზარზე უამრავი მასალაა, საშუალებაა, შანსია, იპოვო და აღმოაჩინო ახალი. მიყვარს, როდესაც ნამუშევრებს სრულიად თავად ვამზადებ, რადგან, როგორც აღვნიშნე, მიყვარს სიახლეების აღმოჩენა და მრავალფეროვანი მასალით მუშაობა. ჩემი უახლესი ნაშრომებია: ზარდახშები გაზაფხულის თემატიკით, ასევე, დავამზადე ზარდახშები ქართული ფარდაგების ორნამენტებით, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ხალხის დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ზარდახშაც თავად დავამზადე და დიზაინზეც მე ვიმუშავე. სამომავლოდ უამრავი გეგმა მაქვს. მინდა, მეტი გამოფენა გავმართო სხვადასხვა თემატიკაზე, რომელიც უკვე ჩაფიქრებული მაქვს… ასევე მინდა, აქტიურად ჩავერთო ტრენინგებისა და სემინარების ორგანიზებაში. ვფიქრობ, ჩემი სოციალური ქსელებიც მეტად უნდა ავამუშაო და, როგორც ყოველთვის, ვიპოვო რაიმე ახალი და საინტერესო. უამრავი გეგმა და წამოწყება მაქვს,
თუმცა, ახლა ჩემი ძირითადი გატაცება თიხა და თაბაშირია.