ამ დროისთვის, თურქეთში ხმების 83%-ზე მეტია დათვლილი. ოპოზიციურად განწყობილი ANKA-ს ცნობით, ამ დროის მონაცემებით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატი, ქემალ ქილიჩდაროღლუ ლიდერობს.
Anadolu კი წერს, რომ ამ დრომდე, მოქმედი პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ლიდერობს.
ცნობისთვის, საარჩევნო პროცესი დილის 08:00 საათზე დაიწყო და 17:00 საათზე დასრულდა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის 60 მლნზე მეტმა ადგილობრივმა ამომრჩეველმა 191 ათასზე მეტ საარჩევნო უბანზე მისცა ხმა.
მოსალოდნელია, რომ შედეგები თურქეთის დროით 21:00 საათის შემდეგ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის უზენაესი საარჩევნო საბჭოს მონაცემებით, 14 მაისს, არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 90% შეადგინა, თუმცა ხმების აბსოლუტური უმრავლესობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა. პირველი ტური ერდოღანის უპირატესობით დასრულდა, მან ხმების 49.52% მიიღო, ქილიჩდაროღლუმ კი 44,88%.