რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ინფორმაციით, კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყების ორგანიზების შესახებ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არ შეწყვეტილა. მედია ამბობს, რომ ინფორმაცია მათ პროკურატურასთან დაახლოებულმა წყარომ მიაწოდა.
“პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ შეწყვეტილა. გამოძიება გრძელდება”, – უთხრა წყარომ TASS-ს.
სამართლებრივი დევნის შეწყვეტა იმ შეთანხმების ნაწილი იყო, რის საფუძველზეც “ვაგნერმა” თავისი სამხედრო ამბოხი შეწყვიტა.
ცნობისთვის, თავდაპირველად “კომერსანტმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ 26 ივნისის დილის მდგომარეობით, სისხლის სამართლის საქმე შეიარაღებული აჯანყების მოწყობის თაობაზე, რომლის მთავარი ბრალდებული პრიგოჟინია, არ შეწყვეტილა.
23 ივნისს რუსეთის დაქირავებულმა კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა, რასაც პრიგოჟინის დაჯგუფების სამხედრო ამბოხი მოჰყვა. 23-24 ივნისს ვაგნერმა როსტოვისა და ვორონეჟის სამხედრო ობიექტები დაიკავა და მოსკოვს მიუახლოვდა.
რუსეთში სამხედრო არეულობას 24 ივნისს ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 5 წუთიანი ვიდეომიმართვით გამოეხმაურა და თქვა, რომ ვინც იარაღი აღმართა თანამებრძოლების წინააღმდეგ, უღალატა რუსეთს – ისინი პასუხს აგებენ.