“რუსეთის მტრებს სურდათ, ქვეყანა სისხლიან სამოქალაქო დაპირისპირებაში ჩამხრჩვალიყო, თუმცა მათ ეს არასწორად გათვალეს”, – ასე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტი პუტინი პრიგოჟინის არშემდგარ ამბოხებას.
ამის შესახებ მან რუსეთის მოქალაქეებისადმი საგანგებო მიმართვაში ისაუბრა და თქვა, რომ “ნებისმიერი შანტაჟი და არეულობა განწირულია მარცხისთვის”.
მისივე თქმით, “აჯანყების ორგანიზატორებმა უღალატეს ხალხს და მათ, ვინც აჯანყების პროცესში იყო ჩართული”.
რუსეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამბოხებულებს გზაზე გადაუდგა, მათ შორის, “გმირ მფრინავებს”. აქვე, მან აღნიშნა, რომ აჯანყების შეჩერებაში გადამწყვეტი როლი “რუსების პატრიოტულმა განწყობამ და რუსი ხალხის კონსოლიდაციამ” ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ 23 ივნისის საღამოს ევგენი პრიგოჟინმა თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის პოზიციებზე თავდასხმაში დაადანაშაულა და შეიარაღებული ამბოხი წამოიწყო. 24 ივნისს ვაგნერელებმა დონის როსტოვში სამხედრო ობიექტები დაიკავეს. FSB-მ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეიარაღებული აჯანყების ორგანიზებისთვის აღძრა.ვლადიმერ პუტინმა დაჯუფების მოქმედებებს ღალატი უწოდა და პრიგოჟინს დასჯით დაემუქრა.
24 ივნისის საღამოს ვაგნერელებმა ვორონეჟშიც დაიკავეს სტრატეგიული ობიექტები და მოსკოვის მისადგომებთან მივიდნენ. თუმცა, ვითარების დასარეგულირებლად მოლაპარაკებები გაიმართა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მონაწილეობით. შედეგად, რუსეთის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ შეაჩერებდა სისხლის სამართლის საქმეს ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ და არ დასჯიდა აჯანყების მონაწილეებს. პრიგოჟინმა უსაფრთხოების გარანტია მიიღო, თუმცა შეთანხმების მიხედვით, ის ბელარუსში უნდა გამზავრებულიყო.