კალიგრაფს, საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის თანადამფუძნებელს, გიორგი სისაურს ჩვენს ქვეყანაში საკუთარი საოცარი ნამუშევრებით იცნობენ. ჩვენ ერთდროულად აღგვაფრთოვანებს როგორც მისი ნიჭი, ისე – სწრაფვა სიახლეებისკენ. ბოლო დროს მის ცხოვრებაში არაერთი საინტერესო მოვლენა მოხდა. სხვადასხვა სივრცესა და სხვადასხვა კულტურაში, მან კიდევ ერთხელ წარადგინა საკუთარი ნამუშევრები. გარდა ამისა „თბილისი თაიმსის“ მკითხველს მან საკუთარი კიდევ ერთი წიგნის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. დეტალებზე გიორგი თავად გვესაუბრა.

⚪ „ვატიკანში, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ჩატარებული პროექტის ფარგლებში, ფლორენციის ისტორიულ სასახლეში გაიმართა გამოფენა, რომელსაც ცხადია ჰყავდა, კერძო სპონსორებიც. გამოფენის გახსნაზე 30 ქვეყნის ელჩები იყვნენ, რაც ხელოვანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იყო ჩემი მეორედ ვიზიტი იტალიაში. ვატიკანში პირველად წარვადგინე ჩემი რელიგიური სერია – „სამოთხის შეხება“. ამ ყველაფერში ჩართული იყო დანტე ალიგიერის საზოგადოებაც. ბუნებრივია, მას მოჰყვა ძალიან დიდი გამოხმაურება როგორც ქართველებისგან, ისე – იტალიელებისგან, რომლებსაც დეტალების მნიშვნელობები აინტერესებდათ. ემოცია, რომელიც ჩნდებოდა, განურჩევლად ასაკისა, იყო არაერთგვაროვანი და ყველა მათგანს აერთიანებდა ერთი – ქართული ანბანის ჯადოსნური მოხაზულობები.
ასევე, მაქვს საგანმანათლებლო პროექტები, მყავს მოსწავლეები აშშ-დან და მათთვის ცოდნის გადაცემა ჩემთვის ახალი სამყარო აღმოჩნდა. უკვე მივედით უდიდეს შედეგებამდე და დღეს მათ შეუძლიათ, ასომთავრულად და ნუსხურად წერონ ტექსტები.“.

⚪ ATM დუბაი” – აქ მე წავედი უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე, სადაც საქართველოს ჰქონდა საკუთარი სტენდი. გადავწყვიტეთ, ის ყოფილიყო ხელნაწერების თემატიკაზე. აქ იყვნენ მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან, წარმოდგენილი იყო ძალიან ბევრი კულტურა. ბუნებრივია, ამან ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

⚪ ამის შემდგომ იყო შარჟაში ანიმაციური ფესტივალი, სადაც ძალიან ცნობილი ანიმაციური კომპანიები იყვნენ წარმოდგენილები და ისინი ატარებდნენ მასტერკლასებს. ამ ფესტივალზე ჩასვლა ჩემთვის ძალიან კარგ გამოცდილებად იქცა.
⚪ სომხეთში, ერევნის ესთეტიკის ცენტრიდან და კულტურის სამინისტროდან მოვიდა წერილი და იყო დაინტერესება, გამოფენილიყო ჩემი ერთერთი კოლექცია, ჩამეტარებინა მასტერკლასები და შეხვედრები. ეს სამ კვირას გაგრძელდა და ჩემთვის აღმოჩნდა ძალიან საინტერესო, 100-ზე მეტი ბავშვისთვის ჩავატარე მასტერკლასი, რაც ძალიან ამაღელვებელი იყო. მთლიანად შემოქმედებითი პროცესები იყო ეს შეხვედრები. პარალელურად, ჩემი ექსპოზიცია, “თერძი” იყო წარმოდგენილი ერევნის ესთეტიკის ცენტრში.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ხელოვანმა თავისი მორიგი წიგნი – „ღვთაებრივი მისტერია“ უკვე წარადგინა. თუმცა, საქართველოში ჯერ მისი პრეზენტაცია არ შემდგარა და ის უახლოეს მომავალში იგეგმება.
ვატიკანში, გამოფენაზე მქონდა წარმოდგენილი ჩემი ახალი წიგნი, მაგრამ პრეზენტაცია ჩატარდა ქალაქ ბარიში. მისი ორგანიზატორი იყო საქართველოს საკონსულო ბარიში. „ღვთაებრივი მისტერია“ გახლავთ ჩემი მეხუთე წიგნი და წარმოადგენს ბოლო 10 წლის განმავლობაში შექმნილ პოეტურ ნაშრომებს. ფორმით ისინი არის ლექსები, მაგრამ შინაარსობრივად არ გახლავთ პატრიოტული ან ლირიკული ნაწარმოებები, არამედ – თანამედროვე ჰიმნოგრაფია. ეს არის ის, რაშიც ცხოვრების მესამედზე მეტი ჩავდე და ვფიქრობ, კარგი ნაშრომი გამოვიდა. როდესაც წერა დავიწყე, ვიყავი 16 წლის და დავასრულე 27 წლის ასაკში.
წიგნი აერთიანებს 43 ნაწარმოებს. აქედან 9 გახლავთ პოემა. საქართველოში მის პრეზენტაციას რუსთაველის თეატრის სცენა უმასპინძლეს. მაქვს პატივი, წარვადგინო ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ქმნილება. მნიშნელოვანია, რომ ეს ნაწარმოებები ძველი ქართული სიტყვებით არის შექმნილი. არაერთი ლამაზი ქართული სიტყვა გვაქვს, რომელიც ხმარებაში აღარ არის, უნდა გავუფრთხილეთ ქართულ ენას, იმ სიტყვებსა და მარგალიტებს, რაც გვაქვს.

გიორგი სისაური „თბილისი თაიმსს“ საკუთარ სამომავლო გეგმებზეც ესაუბრა, რაც სხვადასხვა ქვეყანასთან არის დაკავშირებული.
გადავწყვიტე, სექტემბრიდან, საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციაციასთან ერთად, რომლის თანადამფუძნებელიც ვარ, დავიწყო კალიგრაფიის შემსწავლელი, საავტორო კურსები, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება, დაეუფლოს ამ კულტურას. ასევე, ოქომბერში მილანში ვბრუნდებით გამოფენით. ეს გამოფენა მიეძღვნება ქართულ ანბანს. გარდა ამისა, ამსტერდამში, ნოემბერში შესაძლოა, გამოიფინოს ჩემი კალიგრაფიული ნიმუშების კოლექცია.