დღევანდელ რეალობასა და დიდი კონკურენციის პირობებში, მომხმარებლის სურვილებამდე მოდის გემოვნებიანი, გამორჩეული და ხარისხიანი ნამუშევრები. სწორედ ამ თვისებებით ხასიათდება ნივთები, რომლებსაც მარტი . Mart ქმნის. ფერი, იდეა, თვალშისაცემი დიზაინი – ეს ყველაფერია, რასაც ამ სახელწოდების ქვეშ შემოგთავაზებენ. “თბილისი თაიმსს” ელენე ბექაური ესაუბრა.

„სარკეებს ვამაგრებთ ხეზე, რომელსაც შემდგომ ვხატავთ ხელით. გვაქვს სხვადასხვა ზომისა და ფორმის მოდელები. საწყის ეტაპზე, ჩვენი სარკეების დიზაინის ინსპირაციის წყარო სხვადასხვა ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოები თუ მხატვრების შემოქმედება იყო, შემგომ დავიწყეთ მომხმარებლისათვის სასურველი დიზაინის შექმნაც, რამაც ჩვენი პროდუქტი უფრო მოთხოვნადი გახადა“.

როგორც ელენე აღნიშნავს, ხელნაკეთი დეკორაციები ყოველთვის მოსწონდა, ხატვის ნიჭმა კი გადააწყვეტინა, თავად შეექმნა ისინი.

„ყოველთვის მომწონდა ხელნაკეთი დეკორაციები ინტერიერისათვის, ვინაიდან ხატვა მეხერხება, გადავწყვიტე, თავად შემექმნა ისეთი ნივთი, რომელიც იქნებოდა ლამაზი დეკორაციაც და შესაძლებელი იქნებოდა მისი გამოყენებაც.
სარკეებთან ერთად, დავიწყეთ ხელნაკეთი საათების, პოსტერებისა და საყურეების მზადებაც, ეტაპობრივად, ამ პროდუქტებზეც იზრდება დაინტერესება, მომავალში ვგეგმავთ პროდუქციის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას“ – განაცხადა ელენემ ჩვენთან საუბრისას.
