გზა, რომელიც სულაც არ ყოფილა ნებაყოფლობითი და იდეები, რომელთა სრულყოფაც დღეს უკრაინელი მხატვრის მთავარი მიზანია – ალექსანდრე პისარჩუკის მოგზაურობა საქართველოში გარემო ფაქტორებმა განაპირობა. მის სამშობლოში მიმდინარე, რუსეთის აგრესიამ ის იძულებული გახადა, მშობლიური ქალაქი დაეტოვებინა და საკუთარი სამხატვრო გეგმები საქართველოს დედაქალაქში განეხორციელებინა.
ალექსანდრე ქალაქ მარიუპოლიდან არის, ჩვენს ქვეყანაში 2023 წლის 4 იანვრიდან იმყოფება. საკუთარ ამბავს ის „თბილისი თაიმსს“ უამბობს.

‘‘უკრაინაში ცხოვრებისას აქტიურად ვიყავი ჩართული კედლის მხატვრობაში, ასევე, დაინტერესებული გახლდით ფრესკებით, ვცდილობ, აქაც გავუწიო პოპულარიზაცია. თბილისისთვის ბევრი საინტერესო იდეა და პროექტი მაქვს. ძალიან კარგი იქნება, თუ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც დამეხმარებიან“.

ჩვენს უკრაინელ რესპონდენტს აქვს მიზანი – იმოგზაუროს, მოხატოს კედლები, განვითარდეს და საკუთარი თავისთვის უფროდაუფრო მეტი ისწავლოს. მისი სურვილი ახალი საზღვრების აღმოჩენაა, თუმცა, საკუთარი ქვეყნისთვის უწინ არსებული ყოველდღიურობის დაბრუნება მისი უპირველესი ნატვრაა – მოცემულობა, რომელშიც უკრაინელი ხალხისთვის დღეს არსებული საშინელი წამები, უბრალოდ, აღარ იარსებებს.

„ჩემთვის დღეს უპირველესია უკრაინის პრობლემა, ეს მტკივნეული თემაა ომის დაწყებიდან – მას შემდეგ, რაც ის ჩემს რეგიონში დაიწყო. ჩემი სურვილია, მალე დასრულდეს ეს საშინელება და ხალხი ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს“.
