თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა,რომ მეტროსადგურ “ვარკეთილის” სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები სადგურის ჩაკეტვის გარეშე განხორციელდება. მისი თქმით, მგზავრებს გადაადგილება ჯერჯერობით ჩვეული რეჟიმით შეეძლებათ.
კალაძე ამბობს, რომ “ვარკეთილის” რეაბილიტაცია გაჭიანურდა, რადგან კომპანია “მამისონმა” ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა. ახლა სამუშაოებს “ბადა კონსტრაქშენი” ახორციელებს. გეგმის მიხედვით, სამუშაოები 2024 წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს.
“მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რა ეტაპზე ვართ, რა სამუშაოები მიმდინარეობს, როგორ წარიმართება დროის თვალსაზრისით. გახსოვთ, მთავრობის რამდენიმე სხდომის წინ, როდესაც ვიწყებდით აღნიშნული პროექტის განხორციელებას, ვთქვი, რომ რამდენიმე ხნით მოგვიწევდა მეტროსადგურ “ვარკეთილის” დროებით დაკეტვა, რათა სამუშაოები ჩატარებულიყო. დღეს მინდა, საზოგადოებას მივაწოდო სიახლე, კარგი ინფორმაცია გვაქვს ამ მიმართულებით, რომ სადგურის დროებით ჩაკეტვა არ დაგვჭირდება, ისე განხორციელდება სამუშაოები. მინდა, ასევე მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ სამუშაოების შესრულების ჯამური ვადა შეადგენს 18 თვეს და გეგმის მიხედვით, უნდა დასრულდეს მომდევნო წლის ზაფხულში,” – აღნიშნა კალაძემ.
კალაძის თქმით, რეკონსტრუქციის ფარგლებში, უკვე შემუშავდა სამუშაოთა წარმოების პროექტი სადგურის დაბლა ბაქანზე განხორციელდა აზბესტის ჭერის დემონტაჟი სრულად; მიმდინარეობს ბაქნის ქვედა სამეურნეო სივრცეების სარემონტო სამუშაოები; განხორციელდა ბაქნის სივრცის დეტალური სკანირება, რაც აუცილებელია ჭერის მოპირკეთების პროექტის საბოლოო დაზუსტებისთვის.
“უახლოეს პერიოდში ასევე, დაგეგმილია: ესკალატორის დახრილ გვირაბში აზბესტის ჭერის დემონტაჟი; ბაქნის იატაკზე არსებული ფილების დემონტაჟი, მოჭიმვის მოწყობა და პროექტით გათვალისწინებული ფილების მონტაჟი. როგორც გითხარით, სამუშაოები არ საჭიროებს მეტროსადგურის დახურვას და ის ჩვეულ რეჟიმში იფუნქციონირებს. გარკვეულ არეალებში იქნება შეზღუდვები, როდესაც უშუალოდ ბაქნის მოპირკეთების სამუშაოები წარიმართება. ამაზე ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით”, – თქვა მერმა.