Emily – ეს გახლავთ ჯადოსნური სახელწოდება, რომელიც ფერად, გამორჩეულ და უნაზეს ნამუშევრებს აერთიანებს. აქსესუარების ავტორი ნათია კაკაბაძეა. მისი ავტორობით, მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, ატარონ ნივთები, რომლებიც დიდი ემოციებითა და გულწრფელობით იქმნება. დეტალურად, „თბილისი თაიმსს“ მარიამი ესაუბრა.

კონკრეტულად, რას ამზადებთ და რა მასალას იყენებთ?
ვქმნი სხვადასხვა სახის აქსესუარებს: ყელსაბამებს, სამაჯურებს, ბროშებს და ა.შ. სამკაულები, ძირითადად, ნაქარგია თუმცა, რადგან ჩემი ინტერესების სფერო მრავალფეროვანია, სხვა მასალის აქსესუარებსაც შეხვდებით „ემილის“ ნაკეთობებს შორის. ამ ბოლო დროს მიტაცებს ტყავზე, მეტალებსა და ბუნებრივ ქვებზე მუშაობაც.

ამ მხრივ, ცოდნა როგორ მიიღეთ?
ქარგვა ბავშვობაში დედამ მასწავლა, თუმცა, დროთა განმავლობაში, მივივიწყე, 2015 წლის ზაფხულში კი სპონტანურად შევქმენი პირველი ნაქარგი ყელსაბამი, რომელმაც მეგობრებისა და ნაცნობების იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, გადავწყვიტე, რომ სხვებისთვისაც მიმენიჭებინა ჩემი ნაკეთობების ტარების სიამოვნება. ასე შეიქმნა გვერდი Emily.

რა გამოარჩევს თქვენს ნამუშევრებს?
ვფიქრობ, ჩემს ნამუშევრებს განსაკუთრებულად, გამორჩეულად აქცევს ის, რომ ყოველი მათგანი დადებითი ენერგიით არის დამუხტული და, ამასთან, არცერთი მათგანი მეორდება. თითოეულ ნივთში კონკრეტული, ძალიან დადებითი ემოცია მაქვს ჩადებული, რასაც, როგორც მფლობელები აღნიშნავენ, ხშირად გრძნობენ. ასევე, „ემილის“ სამკაულები ვიზუალურადაც განსხვავდება, უცებ იქცევს ყურადღებას.

მათ ვიზუალს რა განაპირობებს?
სამკაულებს, ძირითადად, ჩემი განწყობისა და გემოვნების მიხედვით ვამზადებ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, რომლებსაც ისინი მოსწონთ, ატარებენ, ჩემთვის ახლობლები არიან, რაღაცით ვგავართ ერთმანეთს და ეს ძალიან სასიამოვნოა.

გარდა ამისა, რა ინტერესები გაქვთ და თუ გეგმავთ, ხელოვნების სხვა მიმართულებებიც შეისწაბლოთ?
დაინტერესებული ვარ ხატვით. ვხატავ კიდეც და ვაპირებ მის პროფესიონალურ დონეზე შესწავლას. ასევე, მომწონს კერამიკაც. მის შესასწავლადაც აუცილებლად გამოვნახავ დროს.