ხელნაკეთი ნივთები, აქსესუარები დღეს ძალიან ფასეული და მოთხოვნადია. ინტერესი განსაკუთრებით დიდია, თუკი ისინი ბევრისგან გამორჩეულია. ანუკი აბაშმაძე მინისგან ფერად საოცრებებს ქმნის. შთამბეჭდავი ნამუშევრების ავტორი მიიჩნევს, რომ მინის შესაძლებლობები უსაზღვროა. ამ მხრივ მიღებულ განათლებაზე, საკუთარი ნაკეთობების მახასიათებელსა და მზადების პროცესზე, ხელოვანი „თბილისი თაიმსს“ ესაუბრა.
თავდაპირველად, გვითხარით – რას ითვალისწინებს თქვენი საქმიანობა?
ვარ მხატვრული მინის დიზაინერი. ვმუშაობ ორ ტექნიკაში, ესენია ფიუზინგის ტექნიკა, რაც მოიცავს მინის წვას ღუმელში 750- დან 850 გრადუსამდე, დამოკიდებულია – რა ნივთს ვამზადებთ და რამდენად გადამღვალი გვინდა – იყოს. ასევე, ტიფანის ტექნიკა, რაც ცივ დამუშავებას მოიცავს და მუშავდება სპილენძის ფოლგით, დეტალებიის შედუღება ხდება სარჩილავით, ასე ეტაპობრივად ხდება მთლიანი კომპოზიციის მიღება.
კონკრეტულად, რას ამზადებთ?
ვამზადებ სამკაულიდან დაწყებული – ვიტრაჟის კარ-ფანჯრით დამთავრებული. მინის შესაძლებლობები ამოუწურავია და ნებისმიერი რამ შეიძლება, დამზადდეს მისგან.
რა ეტაპები გაიარეთ, სანამ ამ საქმიანობას პროფესიონალურად შეისწავლიდით?
ვსწავლობდი ილიაუნიში კერამიკა-მონუმენტური მოხატვა- ვიტრაჟზე, სადაც პირველად მომეცა შესაძლებლობა, გავცნობოდი ამ საოცარ მიმართულებას, რასაც მინის მხატვრული დამუშავება ჰქვია. დიპლომიც დავიცავი მინის მიმართულებიც, რომლის კონცეფციაც იყო სარეცხი სარჭი და დავამზადე ბაღის ორადგილიანი სკამი ფერადი მინისა და ლითონის სინთეზში. შემდეგ ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში დიზაინის ფაკულტეტზე მინის მიმართულებით. რამდენიმე წელი კერძო მინის სახელოსნოში ვეხმარებოდი მინის ოსტატს და ეს ყველაზე დიდი გამოცდილება იყო ჩემი საქმიანობისთვის.
რა დეტალი აერთიანებს თქვენს ყველა ნამუშევარს?
ვფიქრობ, ჩემი ნამუშევრები ძალიან მგავს და პირდაპირ გამოხატავს ჩემს შინაგან მდგომარეობას. ის, რაც ცნობიერსა და ქვეცნობიერშია, ყოველთვის ჩემგან დამოუკიდებლად გადმოდის ჩემს საავტორო ნამუშევრებშიც. არასდროს ვერიდები ბევრი ფერის გამოყენებას ერთ კომპოზიციაში – მთავარია, ფერები ჰარმონიულად შეუსაბამო ერთმანეთს და რატომაც არა, იყოს ძალიან ფერადი.
მათ მხოლოდ თქვენი განწყობის და გემოვნების მიხედვით ქმნით?
რა თქმა უნდა, საავტორო ნამუშევრებიც მაქვს და ასევე აუცილებლად დაკვეთითაც ხდება დამზადება. აუცილებლად ვითვალისწინებ დამკვეთის სურვილებს და მოთხოვნებს, თუმცა, გაცილებით სასიამოვნოა, როდესაც დამკვეთი ბოლომდე განდობს და კარნახით არ გიწევს სამუშაო პროცესის შესრულება.
ძალიან მინდა, ისევ დავუბრუნდე კერამიკას და მოვახდინო ამ ორი მასალის სინთეზი ნამუშევრებში.